Thursday, July 1, 2010

სტალინის ბიუსტი წყალტუბოში

ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.

Saturday, June 26, 2010

კარტოგრამები

ჩემი გეოგრაფიისადმი სიყვარული და შემდგომში, მომავალი პროფესია რუკებმა განაპირობეს. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმეტესობის პირველი კავშირი ამ მეცნიერებასთან სწორედ რუკების გაცნობით მოხდა.
რუკების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავებული ტიპის ინფორმაციის გადმოსაცემად გაამოიყენება. კარტოგრამებიც ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც საგნების სივრცეში რეალურ მდგებარეობას არ ასახავენ, სამაგიეროდ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის საინტერესო ხერხს წარმოადგენენ.
ინტერნეტში კარტოგრამების მრავალ მაგალითს წააწყდებით, თუნდაც ასეთს:

რომელიც 2002 წლისთვის მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებას ასახავს.მართალია, კონტურები საშინლად დამახინჯებულია, სამაგიეროდ იდეას ადვილად გვაწვდის, მიგვითითებს რა ქვეყნების ზომით მდიდრების რაოდენობაზე.
ქვემოთ ვეცადე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს რამდენიმე კარტოგრამა შემედგინა.
პირველ კარტოგრამაზე რაიონების და ქალაქების ზომები პროპორციულია მათში დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა, ხოლო ფერი კი მიგვითითებს, თუ ათას მოსახლეზე გათვლით რა რაოდენობის დანაშაული მოხდა 2001 წლისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ დიდი ქალაქები დანაშაულის რაოდენობითაც გამოირჩევიან, თუმცა 1000 მოსახლეზე გაანგარიშებით გორისა და თიანეთის რაიონების ლიდერობა საკმაოდ საინტერესო ფაქტია.
მეორე კარტოგრამა ასახავს საქართველოში მანქანების რაოდენობას ყოველ ათას კაცზე, რაც ტერიტორიული ერთეულების ზომებითაა გადმოცემული, ხოლო ფერები ასევე ათას მოსახლეზე ექიმთა რაოდენობას გადმოსცემს:

როგორც ვხედავთ, ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და წყალტუბოში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იმდენივე ავტომობილი მოდის, რამდენიც თბილისსა და ქუთაისში, თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა ექიმების რაოდენობის მხრივ. ამ მაჩვენებლით ისინი ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ. ვერაფერს იტყვით, საინტერესო და მრავლისმეტყველი სურათია

Sunday, May 30, 2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: აქტივობა 12 და 17 საათისთვის

An election is coming. Universal peace is declared, and the foxes have a sincere interest in prolonging the lives of the poultry.

G. Eliot

ჯერჯერობით ადგილობრივ არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალია (ყოველ შემთხვევაში, ამაზე ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიგვითითებენ).
შედარების თვალსაზრისით, თვალშისაცემია ქვემო ქართლის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რადგან წინა არჩევნებში ამ რეგიონში აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა.
აქტივობა ტრადიციულად მაღალია სამცხე-ჯავახეთში. მაგალითად, ნინოწმინდაში 17 საათისთვის ელექტორატის 60%-ს უკვე დაფიქსირებული ჰქონდა საკუთარი არჩევანი. მოულოდნელად, სვანეთის და ზოგადად, დასავლეთი საქართველოს მთიან ნაწილში აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
რაც შეეხება თბილისს, აქ აქტივობა საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა და ზოგიერთ ოლქში 17 საათისთვის საარჩევნო უბნებში მოსული ამომრჩევლების პროცენტული წილი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (40%) საგრძნობლად
ჩამორჩებოდა

Tuesday, May 4, 2010

ტყუპი დროშები

დროშა ტერიტორიული ერთეულის თუ ორგანიზაციის უმთავრესი სიმბოლოა, რომელიც გარკვეულ აზრს გვიყალიბებს მათ შესახებ. დროშების დიზაინი, მართალია, გარკვეულ წესებს ემორჩილება, თუმცა მათი მრავალფეროვნება რაოდენობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ დამთხვევები არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.

ინდონეზია და პოლონეთი გეოგრაფიული და კულტურული ანტიპოდები არიან; ანტიპოდებს წარმოადგენენ მათი დროშებიც - წითელი და თეთრი ზოლები საპირისპირო მხარეზე არიან განლაგებულები. მართალი გითხრათ, გარჩევა ცოტა რთული კია -  ისინი თითქმის იდენტური ტყუპები არიან.

ინდონეზია და პოლონეთი



ქალაქი კუსკო ინკების ძველი დედაქალაქია და გასაკვირი სულაც არაა მისი მცხოვრებლების გადაწყვეტილება, ქალაქის სიმბოლოდ ვიფალას, ანდების ინდიელთა დროშის გამოყენება. მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ვიფალა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლგბტ მოძრაობის დროშას და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა, კუსკოელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც შეეპაროს ეჭვი...

კუსკოს ვიფალა და ლგბტ-ის სეპტაკოლორი

კუსკოს ვიფალალგბტ

ირლანდიის და კოტ დ’ივუარის დროშები პოლონეთისა და ინდონეზიის მსგავსად, იდენტურ ტყუპებს წარმოადგენენ:
კოტ დ’ივუარი და ზურმუხტოვანი რესპუბლიკა

დაბოლოს, ყველაზე საინტერესო - იაკობ ნიკოლაძის იდეის მიხედვით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს 2004 წლამდე წარმოადგენდა, ორეული არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის ერთ-ერთი წვრილი სამთავროს დროშის სახით აღმოაჩნდა. მართალია, სანდურის დროშაზე შინდისფერი შედარებით ”გახუნებულია” და ცოტა სტაფილოსფერიც დაკრავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ოფიციალურ შენობებზეც კი ანალოგიურად ფერგასული დროშები ფრიალებდა...
საქართველო და... სანდური

Monday, April 19, 2010

სახალისო ტოპონიმიკა 2 - თბილისის ქუჩები

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

ბნელი ქუჩა


ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა


თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით - ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა


არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა


ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა...

მიტინგის ქუჩა


მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში - ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა


ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები


კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ - მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა


პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა


ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად...

ცისარტყელას ქუჩა


ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml

Thursday, April 8, 2010

სამგანზომილებიანი თბილისი

Google Earth-ს ბევრი ძალიან საინტერესო სერვისი აქვს. მათ შორის - სამგანზომილებიანი შენობების გამოსახვის საშუალება. ბოლო დრომდე საქართველოს დედაქალაქის რუკაზე მათ ძებნას ტყუილად დაუწყებდით, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია, რამდენიმე მათგანი ვიხილოთ კიდეც. მიუხედავად, რომ სურათებიც საკმაოდ ეფექტურია, ყველას გირჩევთ, ჩამოტვირთოთ ეს პროგრამა და უშუალოდ ”ლაივში” იხილოთ თქვენთვის ძალიან ნაცნობი შენობების სამგანზომილებიანი მოდელები.

თბილისის ტელეანძა

ტელეანძა

პოლიციის ახალი შენობა

პოლიციის ახალი შენობა

”არსის” შენობა დოლაბაურის მოედანზე

”არსის” შენობა დოლაბაურის მოედანზე

საბურთალო. სასტუმრო ”აჭარა” და სპორტის სასახლე

საბურთალო. სასტუმრო ”აჭარა” და სპორტის სასახლე

ეროვნული სტადიონი

ეროვნული სტადიონი

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი

თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი

ძველი თბილისი. შენობა გუდიაშვილის მოედანზე და ნორაშენის სომხური ეკლესია


ძველი თბილისი. შენობა გუდიაშვილის მოედანზე და ნორაშენის სომხური ეკლესია

Wednesday, April 7, 2010

ტიტები არ არიან...

ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში  ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.
[googlemaps http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&msid=107659159078454369076.000483a99bbfaef86cca5&ll=41.622477,74.108276&spn=2.200653,3.768311&output=embed&w=690&h=450]
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა - ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს - მაქსიმს ამზადებდა.

არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).

შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი...
(ფოტოები: Associated Press, Reuters)