[googlemaps http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&msid=107659159078454369076.000483a99bbfaef86cca5&ll=41.622477,74.108276&spn=2.200653,3.768311&output=embed&w=690&h=450]
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა - ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს - მაქსიმს ამზადებდა.
არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.
როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.
როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).
შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი...
1 comment:
არამარტო ამ ორ თარიღთან. 1991-92 წლები, 2003...
Post a Comment