Showing posts with label კომუნიზმი. Show all posts
Showing posts with label კომუნიზმი. Show all posts

Sunday, August 8, 2010

უორჰოლიზებული მაო

ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან - პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.
[caption id="" align="alignnone" width="533" caption="ქვის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="499" caption="პოპკორნის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="384" caption="ბრინჯის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignleft" width="520" caption="პინგ-პონგის მაო"][/caption]


[caption id="" align="alignnone" width="500" caption="საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="369" caption="იგი ჩინელი სტალინია"][/caption]

Wednesday, April 7, 2010

ტიტები არ არიან...

ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში  ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.
[googlemaps http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&msid=107659159078454369076.000483a99bbfaef86cca5&ll=41.622477,74.108276&spn=2.200653,3.768311&output=embed&w=690&h=450]
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა - ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს - მაქსიმს ამზადებდა.

არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).

შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი...
(ფოტოები: Associated Press, Reuters)

Monday, November 9, 2009

კედელი

საზოგადოების გათიშვის მრავალნაირი ხერხი ახსოვს ისტორიას. ყველაზე ცნობილი და საგულისხმო 1961 წლის 13 აგვისტოს აგებული კედელია, რომელმაც ერთი და იგივე ხალხი თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ერთმანეთს დააშორა. გარეშე ძალის მიერ აგებული ზღვარი, ტოტალიტარიზმის და შეზღუდული აზროვნების უმთავრესი ნიშანი თვითიზოლაციისკენ სწრაფვის ყველაზე ცხადი და თვალნათელი მაგალითია. ამგვარი საზოგადოებისთვის თვითკმარობის განცდა სიამაყის საგანს წარმოადგენს. მისთვის უცხოა თავისუფალი ურთიერთობა, რასაც არც საკუთარი თავისთვის უშვებს და არც სხვებისთვის.
მეორე და სრულიად საპირისპირო მოვლენაა, როდესაც საზოგადოება თავად მიისწრაფვის გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ. გათიშულება ჩვენს შორის დიდი ხანია, არსებობს. კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია იგება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია, შენდება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.
საქართველოში დაპირისპირიების გაღვივებას ლიდერებიც უწყობენ ხელს, მაგრამ საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობა ამ მიმართულებით არ უნდა უარვყოთ, რადგან, სწორედ მისი მდგომარეობა აჩენს მოთხოვნილებას გარკვეული ტიპის წინამძღოლებზე. ზოგჯერ ჩვენ თვითონვე ვეძებთ შიგნით დაპირისპირების საგანს. ამგვარი არამდგრადობა იმის შედეგიცაა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეგვიგნია, თუ რა გვინდა, რა გზას უნდა ვეწიოთ. გვსურს ახლისკენ სწრაფვა, მაგრამ რეალურად ყოველთვის ძველს ვუბრუნდებით. ის კედელი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ხლეჩს, სიმბოლურად ჩვენი წარსულისა და მომავლის განმაცალკევებელიცაა, რომელსაც ნებისმიერი წინსვლისას შუბლით ვეჯახებით და ჯერჯერობით, ვერაფერი მოგვიხერხებია.
გერმანელთათვის გაყოფის ხანა მუდმივი ფიქრის და ერთგვარი კათარზისის პერიოდი იყო, რომელმაც საზოგადოების შეგნება აამაღლა და დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. იმედია, რომ კედლებით და უცხო ქვეყნის ჯარისკაცებით გაყოფილი ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება, მაგრამ თუკი გერმანულ მაგალითს გავიხსენებთ, ამას 29 წელი დაჭირდა. გარდა მოთმინებისა, შინაგანი ერთობის ჩამოყალიბებაც გვმართებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი ერთ საზოგადოებად ვიგრძნოთ. ჩვენს გონებასა და მსოფლმხედველობაში წლების მანძილზე ცრუ სტერეოტიპებით, დრომოჭმული აზროვნებით აგებული კედელი უნდა დაინგრეს.