Monday, December 7, 2009

საქართველოს სახალისო ტოპონიმიკა

საქართველოში 3800-მდე დასახლებული პუნქტია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სოფლები შეადგენენ. ჩვენი ქვეყნის ბუნების მსგავსად, ტოპონიმებიც დიდი მრავალფეროვნებით და ძალიან ხშირად ორიგინალობითაც გამოირჩევიან.  ამ პოსტში მინდოდა, მომეყვანა რამდენიმე საინტერესო ფაქტი და სახელწოდება,     რომელიც ალბათ დააინტერესებს და შეიძლება გაამხიარულოს კიდეც მკითხველი. ქვეყმოთმოყვანილი ინფორმაცია მომზადებულია ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი წყაროს საფუძველზე, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოინახულოთ.. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მასში არ არის მოცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი (უფრო სწორად, პირველი მათგანი წარმოდგენილია 1989 წლის მონაცემებით, ხოლო მეორეს შესახებ თითქმის არაფერი წერია)

მაშ ასე:




  • ჩვენს ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3645სოფელი, 56 ქალაქი და 44 დაბაა



  • საქართველოში 19 დასახლებულ პუნქტს ახალსოფელი, 10-ს  ახალშენი, 8-ს ეწერი და ახალდაბა, 6-ს აგარა, 4-ს  არაშენდა, ხოლო  3-ს გორი ჰქვია

  • რა შეიძლება ჰქონდეს საერთო მარჯვნივ მდებარე წარმტაც პეიზაჟს და ”სონის” პორტატულ კომპიუტერს? არაფერი, გარდა სახელწოდებისა... დიახ, ქედის მუნციპალიტეტში მდებარე ამ სოფელს ვაიო ეწოდება

  • ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის შემადგენლობაში არსებობს სოფელი კვატია. თუკი ვინმეს დასავლეთ საქართველოსთან შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ”კვატი” იხვის შესატყვისია, ”კვატია” კი იხვის ”მოფერებითის” კიდევ უფრო ”მოფერებითი” დასახელებაა

  • როგორც ჩანს, საქართველოში აქტუალურია დასახლებული პუნქტებისთვის სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელის დარქმევა (ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგალითად ლანჩხუთის რაიონში მდებარე სოფელი ჯაპანაც იკმარებს, რომელსაც თურმე რამდენიმე წლის წინ სეხნია ამომავალი მზის  ქვეყნიდანაც კი ეწვივნენ სტუმრები. იაპონელთა მეზობლებს რომ გული არ დაწყდეთ, შუაგულ იმერეთში, ტყიბულის მახლობლად გვაქვს სოფელი კორეეთი. თუმცა, როგორც ჩანს, კორეელები ჩინელებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ კარგად შეეგუვნენ დასავლეთ საქართველოს ნესტიან ჰავას, პრეტენზიულები არიან და არც კი დაინტერესებულან მათი ქვეყნის მოსახელის არსებობით. საინტერესო ფაქტია, რომ აზიის პოლიტიკური რუკა საკმაოდ პოპულარულია საქართველოს ტოპონიმიკაში, რასაც ადასტურებს ბორჯომის რაიონში სოფელ ლიბანის არსებობაც. განმეორებები მშობლიურ სახელებშიც გვაქვს - აჭარა მხარესაც ქვია და წარმტაც მთიან სოფელს ცაგერის რაიონში. აზიური თემის გაგრძელება - მიუხედავად იმისა, რომ ალმატი მათთვის მშობლიურად ჟღერს, იმედია, რომ ყაზახები კახეთის ამ მშვენიერ სოფელში არ შეგვეცილებიან.

  • ძალიან დიდხანს ვეძებდი, იწყებოდა თუ არა რომელიმე ქართული ტოპონიმი ასო ”ჰაე”-ზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს - ჰამაში-თოთოლეში, ჰებუდი და ჰეშკილი მესტიის რაიონშია, ხოლო ჰერეთისკარი კი ლაგოდეხის მუნციპალიტეტში.

  • ქართველებისთვის გასტრონომია ძალიან ახლობელი თემაა, მაგრამ გასაკვირად, ჩვენი სოფლების დასახელებაში მხოლოდ ფლავს (გორის რაიონი), ძველ და ახალ ბურღულს (დუშეთის რაიონი) თუ წააწყდება კაცი...

  • მარტვილის რაიონის სოფელ ალერტის დათვალიერებისას არა მგონია, ზემოთმოყვანილი სიმბოლო იპივოთ სადმე. საფრთხილოც არაფერია, პირიქით - ხალხი ძალიან გულკეთილი და სტუმართმოყვარეა...


დამშვიდობებისას კი გეტყვით ”ჩაოს”, თუმცა ამასთან შეგახსებებთ, რომ ზუსტად ამ სახელწოდებისაა ხელვაჩაურის რაიონის ერთი პატარა სოფელი, სადაც დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც გულღიად მიგვიღებენ და უპატივცემლოდაც არ დაგვტოვებენ...

Tuesday, November 24, 2009

აგვისტოს ომის დროს დანგრეული ქართული დასახლებების ატლასი

ქვემოთმოყვანილი ატლასი გამოქვეყნებულია გაეროს კვლევითი ინსტიტუტის (UNOSAT) ვებ-გვერდზე. სატელიტური სურათები გადაღებულია გასული წლის 10-23 აგვისტომდე, როდესაც კონფლიქტის ზონაში აქტიური სამხედრო მოქმედებები და მოგვიანებით, დაცლილი ქართული სოფლებისინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება მიმდინარეობდა. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ დასახლებულ პუნქტებში დანგრეული შენობების პროცენტულ მაჩვენებლებს. მაგალითისთვის, ცხინვალში დაინგრა 175 შენობა, მთლიანი რაოდენობის 5%, ხოლო ხოლო სოფელ თამარაშენში კი - 136, ანუ ყველა ნაგებობის 51%...


სწრაფად გადმოწერისთვის გამოიყენეთ მარჯვენა კლიკი და Save Target As ბრძანება
Atlas of Damaged Georgian Settlements
ჩამოტვირთეთ ქართული სერვერიდან

Monday, November 9, 2009

კედელი

საზოგადოების გათიშვის მრავალნაირი ხერხი ახსოვს ისტორიას. ყველაზე ცნობილი და საგულისხმო 1961 წლის 13 აგვისტოს აგებული კედელია, რომელმაც ერთი და იგივე ხალხი თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ერთმანეთს დააშორა. გარეშე ძალის მიერ აგებული ზღვარი, ტოტალიტარიზმის და შეზღუდული აზროვნების უმთავრესი ნიშანი თვითიზოლაციისკენ სწრაფვის ყველაზე ცხადი და თვალნათელი მაგალითია. ამგვარი საზოგადოებისთვის თვითკმარობის განცდა სიამაყის საგანს წარმოადგენს. მისთვის უცხოა თავისუფალი ურთიერთობა, რასაც არც საკუთარი თავისთვის უშვებს და არც სხვებისთვის.
მეორე და სრულიად საპირისპირო მოვლენაა, როდესაც საზოგადოება თავად მიისწრაფვის გახლეჩისა და დაპირისპირებისკენ. გათიშულება ჩვენს შორის დიდი ხანია, არსებობს. კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია იგება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.კედელი ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია, შენდება და რაც ყველაზე ცუდია, ამაში თავად ჩვენ ვმონაწილეობთ. საკუთარი ხელით ვდებთ აგურს აგურზე და საკუთარ თავს ირგვლივმყოფებისგან ზღუდეს ვაგებთ.
საქართველოში დაპირისპირიების გაღვივებას ლიდერებიც უწყობენ ხელს, მაგრამ საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობა ამ მიმართულებით არ უნდა უარვყოთ, რადგან, სწორედ მისი მდგომარეობა აჩენს მოთხოვნილებას გარკვეული ტიპის წინამძღოლებზე. ზოგჯერ ჩვენ თვითონვე ვეძებთ შიგნით დაპირისპირების საგანს. ამგვარი არამდგრადობა იმის შედეგიცაა, რომ ჯერ კიდევ ვერ შეგვიგნია, თუ რა გვინდა, რა გზას უნდა ვეწიოთ. გვსურს ახლისკენ სწრაფვა, მაგრამ რეალურად ყოველთვის ძველს ვუბრუნდებით. ის კედელი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ხლეჩს, სიმბოლურად ჩვენი წარსულისა და მომავლის განმაცალკევებელიცაა, რომელსაც ნებისმიერი წინსვლისას შუბლით ვეჯახებით და ჯერჯერობით, ვერაფერი მოგვიხერხებია.
გერმანელთათვის გაყოფის ხანა მუდმივი ფიქრის და ერთგვარი კათარზისის პერიოდი იყო, რომელმაც საზოგადოების შეგნება აამაღლა და დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. იმედია, რომ კედლებით და უცხო ქვეყნის ჯარისკაცებით გაყოფილი ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება, მაგრამ თუკი გერმანულ მაგალითს გავიხსენებთ, ამას 29 წელი დაჭირდა. გარდა მოთმინებისა, შინაგანი ერთობის ჩამოყალიბებაც გვმართებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავი ერთ საზოგადოებად ვიგრძნოთ. ჩვენს გონებასა და მსოფლმხედველობაში წლების მანძილზე ცრუ სტერეოტიპებით, დრომოჭმული აზროვნებით აგებული კედელი უნდა დაინგრეს.

Friday, October 9, 2009

ის, რაც ცამ უნდა დაინახოს

ესა თუ ის ისტორიული პერიოდი საზოგადოების ცხოვრების ყველა კომპონენტზე ახდენს გავლენას. მანერები, ქცევა, ჩაცმულობა, ხელოვნება, ყოველდღიურობა - ეს ამ ზეგავლენის არასრული ჩამონათვალია. ის, რომ არქიტექტურაში გარკვეული იდეების გადმოცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, სულაც არაა საკამათო. საგნების ვიზუალური აღქმა ხომ ზემოქმედების ძალიან გავრცელებული მეთოდია (შუა საუკუნეებში ეკლესიის ფრესკებიGPI_11 უწიგნურთათვის ბიბლიის მაგივრობას წევდა , ახლა კი ჩვენი გონება უმეტესწილად ტელევიზიით მოწოდებული მხედველობითი ინფორმაციის საშუალებით ახდენს სამყაროზე აზრის წარმოდგენას).
ნებისმიერი რეჟიმი ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს, თავისი მმართველობის პერიოდში ვიზუალურ ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამახასიათებელი ნიუანსი შეიტანოს, რათა თავისი  განსხვავებულობა გამოხატოს. ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო ანალიზის და მსჯელობის საგანია, თუმცა აქ ჩვენ მხოლოდ ერთ საკმაოდ ცნობილ, თუმცა ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიტანთ. ყველამ ვიცით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა გააჩნია. მართალია, ამჟამად ამ მსგავსების შემჩნევა ერთი შეხედვით რთულია მრავალი მიშენების თუ გადაკეთების გამო, თუმცა ჰაერიდან ან რუკიდან ოდნავი დაკვირვების შედეგად ყველაფერი ნათელი ხდება.
შენობების არა, მაგრამ ფაშისტებმა გერმანიაში, სოფელ ცერნიკოვის მახლობლად არსებულ ტყეში ხეები GPI_2ისე დარგეს, რომ შემოდგომისას შუაგულ მწვანე ტყეში ყვითელი სვასტიკის დანახვა შეგეძლოთ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივმა მთავრობამ ხეები მოჭრა.
მოყვანილი პირველი ორი მაგალითი ასე თუ ისე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, თუმცა შენობებისა და მიწისზედა ნაგებობების ფორმაში გარკვეული აზრის ჩადების იდეა ძირითადად რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშობოდა. გავიხსენოთ ქრისტიანული ტაძრების ფორმა, ასევე საიდუმლო ნიშნები ნასკას უდაბნოში, რომელიც სავარაუდოდ, ანალოგიური იდეის მატარებელია და სულაც არ წარმოადგენს გარმიანელთა კოსმოსურ შუქნიშნებს თუ ასაფრენ ბილიკებს.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება აღნიშნულ თემაზე, თუმცა საინტერესოა - ვის უნდა ეყურებინა ციდან GPI_3Iტექნიკური უნივერსიტეტის ჩაქუჩ-ნამგლისთვის? ღმერთს, რომლის არსებობასაც კომუნისტები არ ცნობდნენ? საინტერესოა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) გამოყოფა საბჭოთა ოკუპაციის დამყარებიდან ერთ წელიწადში მოხდა. იდეაში უმაღლესი სასწავლებელი ტაძარს წარმოადგენს - ტაძრებს კი ქრისტიანულ სამყაროში ძირითადად ჯვრის ფორმა ჰქონდათ. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონია არქიტექტორს - ახალი ტიპის ტაძრების ახალი ტიპის ფორმა გვიცხადებს, რომ ახალ სამყაროში უმაღლესი არა ღმერთი, არამედ განათლება და ცოდნაა. საქმე გვაქვს ძველი სიმბოლიკის სულ სხვა მიზნით გამოყენებასთან. ჩანს, რომ კომუნისტები სიმბოლოებს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ცდილობდნენ, გათავისუფლებულიყვნენ წარსულისგან, თუმცა ამის გასაკეთებლად ადრე აპრობირებულ და დამუშავებულ მეთოდებს იყენებდნენ - ცნობილი ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოციან წლებამდე ბავშვების მონათვლის ნაცვლად მათი ”მოვარსკვლავება” დაიწყეს. რეჟიმი ცდილობდა, ხალხში გამჯდარი ყველა წეს-ჩვეულებისთვის ახალი ანალოგი მოეძებნა, თუმცა ეს მცდელობა, როგორც ვხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. შეიძლება, ეს ყველაფერი დღეს სასაცილოდაც გვეჩვენებოდეს, მაგრამ თავის დროზე მას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმბოლოები არასოდეს კარგავენ აზრს, უბრალოდ იცვლება ის მნიშვნელობა, რაც მათგან უნდა აღვიქვათ და გავითვალისწინოთ.

Wednesday, September 16, 2009

აღმოსავლურიდან დასავლურისკენ

რატომაა შეუძლებელი ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება? ამ თემაზე წერისას ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით დასავლეთში, ღრმად განხილვისგან თავს იკავებს. თავისთავად ცხადია, რომ ნორვეგიულ და ინდურ, ისლანდიურ და ბოცვანის დემოკრატიებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. დემოკრატია, როგორც სისტემა, მთლიანად დასავლური, კერძოდ ქრისტიანული და კიდევ უფრო კონკრეტულად, ევროპული პროტესტანტული ცივილიზაციის პირმშოა. არ უნდა ავურიოთ ძველი ბერძნული და თანამედროვე დემოკრატიები ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს კლანური დემოკრატიის განვითარებულ ფორმასთან, როდესაც ერთი, საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ. არსებობენ საზოგადოებები, რომელთა მართვაც თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულად განსახორციელებელია დემოკრატიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია :) , საზოგადოების განვითარების ისტორიული და კულტურული თავისებურებები საშუალებას არ იძლევა, ყველგან მართვის ერთნაირი ფორმა იყოს ეფექტური. საქმე ის არ არის, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის მართვის ფორმა, არამედ რამდენად ეფექტურად წყვეტს იგი თავის წინაშე არსებულ ამოცანებს. ნებისმიერი სისტემა ცდილობს, რომ ასე თუ ისე უზრუნველყოს საკუთარი სტაბილურობა და მაქსიმალურად შეზღუდოს წევრების მისწრაფება ცენტრიდანული მოქმედებებისკენ.








































































ძვ. წ. აღ. 209ჩენ-შენის და ვუ-გუანის აჯანყება
ძვ. წ. აღ. 154შვიდი სახელმწიფოს აჯანყება
ახ. წ. აღ 17ლიულინის აჯანყება
ახ. წ. აღ 17ჩიმეის აჯანყება
ახ. წ. აღ 184ყვითელდოლბანდიანდთა აჯანყება
ძვ. წ. აღ. 204 ახ. წ. აღ. 220ბრინჯის ჯანყები
756-763ან-შის აჯანყება
1340წითელდოლბანდიანდთა აჯანყება
1640-45ლი-ძიჩენის აჯანყება
1655 - 1677სამი მთავრის გადატრიალება
1796თეთრი ლოტოსის აჯანყება
1856-1872ტაიპინელთა აჯანყება
1855-1867მეჩირაღდნეთა აჯანყება
1899-1901ბოქსიორთა აჯანყება
1911ცინხაის რევოლუცია
1945-1949სამოქალაქო ომი


ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს.  კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.

მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.

[gallery link="file" columns="2"]

მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.

სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას - მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი - უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.

Monday, September 7, 2009

ხალხოსნობა ქართული ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა 2

ხალხოსნობა - ხალხში გასვლა ფრიად შვენის ხოლმე მთავრობას, მაგრამ ისეთი, როგორის მოწმეც ამ შაბათს შევიქენით, ალბათ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე იშვიათად მოიძიებს კაცი. შაბათს, დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას. რა არის ამ ყველაფერში ცუდი - იკითხავს კაცი, მთავრობა ხალხთან ახლოსაა, პირზეღიმილიანი მინისტრები და მოადგილეები ესაუბრებიან უბრალო გამვლელებს და მათ კითხვებს სცემენ პასუხს. რუსთაველზე ამაყად იწონებს თავს ერთ ღამეში აწყობილი საველე ჰოსპიტალი, დევნილებისთვის განკუთვნილი კოტეჯის მოდელი, თავდაცვის სამინისტროს ”ჰამერები” და ”ეჟდერები”, კრიმინალისტების აღჭურვილობა, მაღალი ძაბვის გადამცემების მოდელები და ათასი სხვა მეტად საინტერესო საგანი.

მოვლენა უმალ იქცა ქართული ტელესივრცის უმთავრეს ახალ ამბად, რომელმაც გადაფარა ყველაფერი - ოსი ბოევიკების მიერ გატაცებული მეტყევეების და გირგვლიანის მკვლელებით დაწყებული ფილიპინებსა და მაკედონიაში ჩაძირული გემების ამბებით დამთავრებული. ყველა საინფორმაციო გადაცემის პირველი, სულ ცოტა 20-წუთიანი ბლოკი სახალხო ანგარიშს დაეთმო...

თავად გამოფენა მეტად სასეირო იყო, ოღონდ უცხო თვალს რატომღაც პირველი მაინც იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების მასალების სიმრავლე ეცემოდა, რომელსაც შესაბამისად გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები ახლდნენ თან. როგორც მასმედიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადრე დილით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სახალხო ანგარიშის მოსამზადებლად. უნებურად კაცი მაინც ახალი მინისტრის გულმოდგინებაზე იფიქრებს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა, რათა მისი ხელქვეითების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სანახაობა შთამბეჭდავი ყოფილიყო. ისე, ამ ყველაფერს ერთი პატარა პარადი და მთავარსარდლის საპროგრამო სიტყვაც არ აწყენდა.

ქვეყნის ყველაზე ალბათ ყველაზე სტაჟიანი მოქმედი მინისტრის უწყებამ ტრადიციულად თავი არ შეირცხვინა და მოსახლეობას კრიმინალისტების საქმიანობა დაწვრილებით გააცნო. წარმოდგენილი იყო როგორც მათი სამუშაო იარაღები, ასევე იმპროვიზებული დანაშაულის ადგილი, სადაც  კრიმინალისტები კამერების წინ ”სი-ეს-აის” მსახიობებზე არანაკლები გულმოდგინებით და ნიჭით თამაშობდნენ. აქვე იყო პოლიციელებთან სროლაში გაჯიბრების მსურველთათვის. ხალხში გამოვიდა თავად მინისტრიც. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიღწევა მაინც გამჭვირვალე პოლიციის შენობები და ის ფაქტია, რომ პოლიცია ამჟამად უფრო უსაფრთხო და პროფესიული პოლიციაა (სტილი მიახლოებით დაცულია). გამზირზე ასევე ჩანდნენ ცხენოსანი სამართალდამცავებიც.

არც სხვა სამინისტროები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. დევნილების კოტეჯის მოდელიდან გამოსული მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო 56 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი და სულაც არ ჰგავდა საქათმეს, როგორც მისი ენამწარე ოპონენტები აღნიშნავენ ხოლმე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოფინა აშშ-სთან დადებული ყბადაღებული ქარტია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ენერგეტიკის სამინისტრომ - ანძები, რომლებშიც დენი არ გადიოდა, განათლების სამინისტრომ - წარჩინებული მოსწავლეები და ა.შ.Gamofena

ანტურაჟი, როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო - ბევრი ლამაზი და ახალი ნივთი, კარგად ჩაცმული და კუნთიანი სამხედრო, ჭკვიანი ბავშვები, ბევრი გაკეთებული საქმე, კიდევ უფრო მეტი ტელეკამერა და ჟურნალისტი - კიდევ ერთი სანახაობა, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, საქართველოს რეგიონებშიც ექნება გაგრძელება.

მართალია, მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ზოგჯერ უცნაურ და უეცარ ნაბიჯებს დგამს ხოლმე, მაგრამ დიალოგის ამგვარი ფორმა საკმაოდ მოულოდნელი იყო. თან აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება რატომღაც წინა ღამით გადაწყვიტა. ხმა დაირხა, რომ ამ მოვლენას პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ძალოვანი სექტორის როლის განსაკუთრებით ხაზგასმა ტელევიზიების მიერ (საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაეთმო და ხშირად აჩვენედნენ ჩვენი შეიარაღებით აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარებს), რაც არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობებს აღძრავს.

რა საჭირო იყო მთავრობის მიღწევების ამგვარი არაჩვეულებრივი გამოფენა? პასუხი მარტივია - წინასაარჩევნო ციებცხელება დაიწყო. მთავრობის ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარების წინამორბედად შეიძლება ე.წ. სახალხო დიალოგი მივიჩნიოთ, რომელიც ზაფხულის თვეებში აქტიურად იყო გაშლილი, დედაქალაქში ოპოზიციური ვნებათაღელვების ჩახცრომის შემდეგ. საინტერესო ნაბიჯია - ხალხს პოლიტიკოსების სახეების ხილვას შეჯავშნული ”ჰამერის” თუ ტირის ნახვა ურჩევნია. თან გამოფენაზე თითქმის ყველაფერი ადვილად აღსაქმელად იყო გაკეთებული, რათა მნახველი შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი თბილისისთვის ნაკლებად შთამბეჭდავია, რომელსაც რუსთაველზე პომპეზური მიტინგები, არანაკლებ პომპეზური პოლიტიკური აქციები, საკნებისა და კარვების ქალაქები უნახავს, მაგრამ საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც ჯერჯერობით ისევ შევარდნაძის უძრაობის ხანაა, შეიძლება სიახლემ ჯადოსავით იმოქმედოს...

მოკლედ, გიხაროდეთ მეგობრებო, ყველაფერი მაინც ჩვენი გულების (და ხმების ) დასაპყრობად კეთდება და არ თქვათ, რომ თქვენს მთავრობას არ ახსოვხართ...