Friday, October 9, 2009

ის, რაც ცამ უნდა დაინახოს

ესა თუ ის ისტორიული პერიოდი საზოგადოების ცხოვრების ყველა კომპონენტზე ახდენს გავლენას. მანერები, ქცევა, ჩაცმულობა, ხელოვნება, ყოველდღიურობა - ეს ამ ზეგავლენის არასრული ჩამონათვალია. ის, რომ არქიტექტურაში გარკვეული იდეების გადმოცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, სულაც არაა საკამათო. საგნების ვიზუალური აღქმა ხომ ზემოქმედების ძალიან გავრცელებული მეთოდია (შუა საუკუნეებში ეკლესიის ფრესკებიGPI_11 უწიგნურთათვის ბიბლიის მაგივრობას წევდა , ახლა კი ჩვენი გონება უმეტესწილად ტელევიზიით მოწოდებული მხედველობითი ინფორმაციის საშუალებით ახდენს სამყაროზე აზრის წარმოდგენას).
ნებისმიერი რეჟიმი ნებსით თუ უნებლიედ ცდილობს, თავისი მმართველობის პერიოდში ვიზუალურ ხელოვნებაში მხოლოდ საკუთარი თავისთვის დამახასიათებელი ნიუანსი შეიტანოს, რათა თავისი  განსხვავებულობა გამოხატოს. ეს ფაქტი საკმაოდ საინტერესო ანალიზის და მსჯელობის საგანია, თუმცა აქ ჩვენ მხოლოდ ერთ საკმაოდ ცნობილ, თუმცა ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიტანთ. ყველამ ვიცით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსს ჩაქუჩ-ნამგლის ფორმა გააჩნია. მართალია, ამჟამად ამ მსგავსების შემჩნევა ერთი შეხედვით რთულია მრავალი მიშენების თუ გადაკეთების გამო, თუმცა ჰაერიდან ან რუკიდან ოდნავი დაკვირვების შედეგად ყველაფერი ნათელი ხდება.
შენობების არა, მაგრამ ფაშისტებმა გერმანიაში, სოფელ ცერნიკოვის მახლობლად არსებულ ტყეში ხეები GPI_2ისე დარგეს, რომ შემოდგომისას შუაგულ მწვანე ტყეში ყვითელი სვასტიკის დანახვა შეგეძლოთ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივმა მთავრობამ ხეები მოჭრა.
მოყვანილი პირველი ორი მაგალითი ასე თუ ისე პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა, თუმცა შენობებისა და მიწისზედა ნაგებობების ფორმაში გარკვეული აზრის ჩადების იდეა ძირითადად რელიგიურ ნიადაგზე წარმოიშობოდა. გავიხსენოთ ქრისტიანული ტაძრების ფორმა, ასევე საიდუმლო ნიშნები ნასკას უდაბნოში, რომელიც სავარაუდოდ, ანალოგიური იდეის მატარებელია და სულაც არ წარმოადგენს გარმიანელთა კოსმოსურ შუქნიშნებს თუ ასაფრენ ბილიკებს.
ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება აღნიშნულ თემაზე, თუმცა საინტერესოა - ვის უნდა ეყურებინა ციდან GPI_3Iტექნიკური უნივერსიტეტის ჩაქუჩ-ნამგლისთვის? ღმერთს, რომლის არსებობასაც კომუნისტები არ ცნობდნენ? საინტერესოა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) გამოყოფა საბჭოთა ოკუპაციის დამყარებიდან ერთ წელიწადში მოხდა. იდეაში უმაღლესი სასწავლებელი ტაძარს წარმოადგენს - ტაძრებს კი ქრისტიანულ სამყაროში ძირითადად ჯვრის ფორმა ჰქონდათ. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი ჰქონია არქიტექტორს - ახალი ტიპის ტაძრების ახალი ტიპის ფორმა გვიცხადებს, რომ ახალ სამყაროში უმაღლესი არა ღმერთი, არამედ განათლება და ცოდნაა. საქმე გვაქვს ძველი სიმბოლიკის სულ სხვა მიზნით გამოყენებასთან. ჩანს, რომ კომუნისტები სიმბოლოებს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ცდილობდნენ, გათავისუფლებულიყვნენ წარსულისგან, თუმცა ამის გასაკეთებლად ადრე აპრობირებულ და დამუშავებულ მეთოდებს იყენებდნენ - ცნობილი ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოციან წლებამდე ბავშვების მონათვლის ნაცვლად მათი ”მოვარსკვლავება” დაიწყეს. რეჟიმი ცდილობდა, ხალხში გამჯდარი ყველა წეს-ჩვეულებისთვის ახალი ანალოგი მოეძებნა, თუმცა ეს მცდელობა, როგორც ვხედავთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. შეიძლება, ეს ყველაფერი დღეს სასაცილოდაც გვეჩვენებოდეს, მაგრამ თავის დროზე მას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიმბოლოები არასოდეს კარგავენ აზრს, უბრალოდ იცვლება ის მნიშვნელობა, რაც მათგან უნდა აღვიქვათ და გავითვალისწინოთ.

No comments: