Monday, September 13, 2010

ვინ ცხოვრობს თურქეთში?

თურქეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობს, რადგან თურქეთის მოსახლეობის აღწერისას კითხვა რესპონდენტის ეთნიკური წარმოშობის შესახებ არ ისმება, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი მხოლოდ სხვადასხვა გამოკვლევებით და მიახლოებითი მსჯელობითაა შესაძლებელი.


ზოგადად, თურქეთში ეთნიკური კუთვნილების თემა კარგა ხნის მანძილზე იყო ტაბუდადებული. ოსმალეთის იმპერიაში ყურადღება ძირითადად პიროვნების რელიგიას ენიჭებოდა, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავდა კიდეც მის ადგილს საზოგადოებაში, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბერძნები, სომხები და ებრაელები იმპერიის პერიოდში ცალკე "მილეთად" (ხალხად, ეთნოსად) ითვლებოდნენ. მათ უმეტეს შემთხვევაში, არავინ დევნიდა და პირიქით, საკმაოდ მდიდარ და გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ, რადგან ძირითდად ვაჭრობით და მევახშეობით იყვნენ დაკავებულები (ანუ იმ საქმიანობით, რაც მართლმორწმუნე მუსლიმს ეკრძალებოდა). მდგომარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ნაციონალისტურად განწყობილი ინტელექტუალებმა (მათ შორის რამდენიმე არათურქი, კერძოდ, ებრაელი იყო), ჩამოაყალიბეს "ახალგაზრდა თურქების" მოძრაობა. ამავე პერიოდში დაიწყო მწვავე დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე. პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო ოსმალეთს და ქვეყნის გადასარჩენად და მასების მობილიზებისთვის მმართველმა ფენებმა ნაციონალიზმი გამოიყენეს. შესაბამისად, ოსმალეთის იმპერიის ყოფილმა მოქალაქეებმა ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ისინი თურქები გახდნენ, არადა უახლოეს წარსულში "თურქს", როგორც სალანძღავ სიტყვას, ისე გამოიყენებდნენ და ასე ანატოლიელ პროვინციელებს მოიხსენიებდნენ. მოკლედ, 1982 წლის კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია, თურქი დედის ან თურქი მამის შვილიც თურქია, სკოლაში თურქული ენა ისწავლება და ეთნიკური უმცირესობების გათურქების (გინა თურქიზაციის J ) პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს. შედეგად, მცირე გამონაკლისების გარდა, ქვეყანამ მიიღო ბევრი ლოიალური მოქალაქე, რომელთაც შეიძლება, ახსოვთ თავიანთი წარმომავლობა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გამონაკლისს ქურთული სათვისტომო წარმოადგენს, რომელიც გარდა კომპაქტური განსახლებისა, რაოდენობითაც გამოირჩევა. ქურთების დისკრიმინაციამ (მათ კარგა ხნის მანძილზე "მთის თურქებად" მოიხსენებდნენ, არადა, ამ ორ ეთნოსს შორის არავითარი ნათესაური კავშირი არაა). შედეგად თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთში შფოთვის და მღელვარების მუდმივმოქმედი კერა მიიღო.


ჩვენთვის თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის თემა საინტერესო იმიტომაა, თურქეთი ჩვენი მეზობელია და ზანზიბარისგან განსხვავებით, საერთო საზღვარი გვაქვს, ამასთან ჩვენ თანდათან მთელს მსოფლიოში დავიწყეთ ნათესავების ძიება და რაც მთავარია, სხვადასხვა დროს ქართველებით დასახლებული ტერიტორია დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ხოლო მოსახლეობა ძირითადად, არსად წასულა. საკითხავი ისაა, რამდენად თვლიან ის ადამიანები თავს ქართველად და საერთოდ აქვთ კი ამგვარი გრძნობა. თუმცა ეს დღევანდელი პოსტის თემა არაა. უბრალოდ, გადავხედოთ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს და წარმოდგენა შევიქმნათ თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ.


დიაგრამაზე წარმოდგენილია "ეთნოლოგის" მონაცემები თურქეთში გავრცელებული ენების შესახებ. ამ წყაროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 84% თურქულ (Turkic) ენებზე ლაპარაკობს (იგულისხმება, თურქული, თათრული, თურქმენული, აზერბაიჯანული და ა.შ.), 12.4%-ს შეადგენენ ქურთულ ენებზე მოლაპარაკეები (ზაზა (ენა და ხალხია!), ქურმანჯი და ა.შ.), შემდეგ მოდიან ჩრდილოკავკასიელები - 2.1% (იგულისხმებიან ყაბარდოელები, აფხაზები, აბაზები, ჩერქეზები). შემდეგ მოდიან არაბულ, ქართველურ, სლავურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხები.


როგორც ვხედავთ, ეს მონაცემები არც ისე სრულია, თუმცა ამსხვრევს მითს თურქეთის მონოეთნიკურობის შესახებ. როდესაც შენი მოსახლეობის მინიმუმ ოცი პროცენტი არ განეკუთვნება სატიტულო ერს, ე.ი. ეთნიკურ უმცირესობებისთვის დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება არც ისე მომგებიანი იქნება, მით უმეტეს, თუკი ბოლო წლებია, უშუალოდ აკაკუნებ ევროკავშირის კარზე, რომელიც ამგვარ მიზეზს შენს გასაპანღურებლად აუცილებლად დაიხვევს თითზე.


გავლენიანმა თურქულმა გამოცემამ "მილიეთმა" და KONDA Research-მა (ეს უკანასკნელი თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს) 2006 წელს საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარა ქვეყნის სოციალური სტრუქტურის შესახებ. თურქეთის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული 50 ათასამდე ადამიანი. რესპონდენტებს კითხვები მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებაც დაუსვეს. ვერ გეტყვით, რამდენად სწორად განაზოგადეს შედეგები, მაგრამ თუკი მათ ვენდობით, ჩანს, რომ თურქეთის 73-მილიონიანიანი მოსახლეობიდან 76% თურქია, 15.7% - ქურთი. უფრო სრულად სტრუქტურა მარჯვნივ მდებარე ცხრილშია მოცემული. ქართულენოვან ცხრილში კი საერთაშორისო პროტესტანტული საზოგადოების Joshua Project -ის მონაცემებია, რომელიც მიგვითითებს, რომ თურქეთში მილიონზე მეტი რიცხოვნობის მქონე ეთნოსებს შეადგენენ თურქები, ქურთები, არაბები და ჩერქეზები (ჩრდილოკავკასიელები). ლაზებისა და ქართველების რაოდენობა 150 – 150 ათასს შეადგენს, აფხაზების - 56 ათასს და ა.შ.


ორიოდე წლის წინ თურქულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები. თუკი მას დავუჯერებთ, თურქების (და თურქულენოვანი ადამიანების) რაოდენობა ქვეყანაში 55 მილიონს შეადგენს, ქურთებისა - 12-15 მლნ.-ს, ჩერქეზების - 2.5 მილიონს, ქართველების - 1 მილიონს, არაბებისა - 870 ათასს, ლაზების - 80 ათასს, ალბანელების - 1.3 მილიონს და ა.შ.


როგორც ვხედავთ, მონაცემები თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა მიგვითითებს, რომ ძირითად ეთნოსებს ქვეყანაში თურქები და ქურთები შეადგენენ, ამასთან აქ ჩრდილოკავკასიელების, არაბების, ქართველების მნიშვნელოვანი რაოდენობა სახლობს. რაც შეეხება ქართველების რაოდენობის შესახებ ისეთ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც თურქეთში ჩვენებურების სამმილიონიანი დიასპორა ცხოვრობს, ჩემს მიერ მოძიებული მასალები მსგავსის თქმის საშუალებას არ იძლევა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად ლეგენდაცაა. რა თქმა უნდა, თურქეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ქართველი ურევია წინაპრებში, ბევრი იქნება, მაგრამ რამდენად თვლიან ეს ადამიანები ქართველად, სულ სხვა საქმეა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ლოიალური მოქალაქეები არიან და ჩვენ პირველ რიგში ნათესავების ძებნის ნაცვლად, ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ...


Thursday, September 9, 2010

ღირებულებები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში - ჰომოსექსუალიზმი, რელიგია და მეუღლის ცემა

მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (World values survey) ტილბურგის უნივერსიტეტის მეტად საინტერესო პროექტია, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურებში სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა ღირებულებების მდგომარეობის შესწავლაა. იგი ითვალისწინებს გამოკითხვებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რაც მთავარია, მათი მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად ხელმისაწვდომია პროექტის ვებ-საიტზე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში გააანალიზოს მონაცემები, ან თუკი რომელიმე სტატისტიკური პროგრამა და/ან შესაბამისი ცოდნა გააჩნია, ჩამოტვირთოს და უფრო რთული გამოთვლები ჩაატაროს.
ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).

როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.

საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.

მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.

ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი...

ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება...
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ...

Tuesday, September 7, 2010

Auto Draft

გაიცანით აშშ

ავსტრიის შეერთებული შტატები, უფრო სწორად, დიდი ავსტრიის შეერთებული შტატები - შესაძლოა, ეს სახელმწიფო გვეხილა დღევანდელი ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე, 1906 წელს ეთნიკური რუმინელის და ავსტო-უნგრეთის მოქალაქე იურისტის, აურელ პოპოვიცისიდეას ფართო მხარდაჭერა რომ ჰქონოდა.
ავსტრიის იმპერია, რომელიც 1867 წელს უნგრეთის რევოლუციის შედეგად დუალისტურ მონარქიად იქცა, მულტიეთნიკურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, უნგრეთის შემადგენლობაში შემავალი ხალხები უფრო მეტად განიცდიდნენ ძალდატანებითი ასიმილაციის, ე.წ. მადიარიზაციის პროცესს, ვიდრე ამას იმპერიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში გერმანულენოვანი ავსტრიელები აკეთებდნენ. ცხადი იყო,
რომ საჭირო იყო ასიმეტრიული მოწყობის რაღაც სახე, რომელიც სხვა ხალხებსაც, რომლებიც ქვეყნის ავსტრიის შეერთებული შტატების ეთნიკური რუკამოსახლეობის 66 %-ს შეადგენდნენ, განვითარების თანაბარი საშუალებას მისცემდა. პირველი ამგვარი მოთხოვნა ჩეხურმა საზოგადოებამ წამოაყენა, რომელიც მრავალრიცხოვანი, ეკონომიკურად დაწინაურებული და საკმაოდ გავლენიანი იყო, თუმცა მათ წინააღმდეგობას სწორედ უნგრული ნაწილი უწევდა გერმანულენოვანზე მეტად, რადგან ამ მოვლენით უნგრული ზედაფენის, როგორც ქვეყნის მმართველი კლასის გავლენა დასუსტდებოდა, პლუს - უნგრეთი ტერიტორიული თვალსაზრისით საკმაოდ შემცირდებოდა. ასევე ცნობილია, რომ თავის დროზე მსგავსი იდეის, კერძოდ ”დუნაის სახელმწიფოს” იდეა დიდ უნგრელ მოღვაწეს (ეთნიკურად სლოვაკ) ლაიოშ კოშუტსაც გააჩნდა.

პოპოვიცის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებდა 15 ავტონომიური ერთეულის შექმნას, რომელთა საზღვრებიც ეთნიკური ჯგუფების განსახლების არეალს ემთხვეოდა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი გერმანულენოვანი, ორ-ორი იტალიურ და უნგრულენოვანი, ხოლო თითო-თითო ჩეხური, სლოვაკური, პოლონური, უკრაინული, ხორვატული და სერბული ერთეული უნდა შექმნილიყო, თავიანთი საკმაოდ მაღალი დონის თვითმმართველობით. ამგვარად, დუალისტური მონარქია ასიმეტრიულ ფედერალურ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.
ასეა თუ ისე, მსგავსი იდეა ვერ განხორციელდა, ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, გახდებოდა თუ არა უკეთესი მსოფლიო ავსტრო-უნგრეთის აშშ-დ გადაკეთების შემთხვევაში. შეიძლებოდა, მაშინ სერბ სტუდენტსაც არ გამოეკრა იმ საბედისწერო დღეს ჩახმახისათვის თითი.

Saturday, August 21, 2010

ქართულენოვანი Google და რელიგიური ექსტრემიზმი

დღეს ”გუგლის” ქართულენოვანმა ვერსიამ სიურპრიზი შემოგვთავაზა. როდესაც ეძებთ რაიმე ისეთს, რაც რეალურ შედეგს არ მოგცემდათ, მაგ. ”ასდლკჯ ადსლკ ჯალსკდ ” და მსგავს ტექსტს, ”გუგლი” ასეთი ტექსტით გპასუხობთ:
”თქვენი შეკითხვა - Google Ineqw;flk jdsa;lsf;lfdklhs - არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს. ქრისტეს მშვიდობა შენთან!
რჩევა-დარიგება:
* დარწმუნდით ყველა სიტყვის მართლწერაში.
* სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები. წყალობა ღვთისა შენთანა!
* სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
* სცადეთ ნაკლები საკვანძო სიტყვები.”

აი, სქრინშოთიც:
[caption id="attachment_469" align="aligncenter" width="690" caption="სიახლე ქართულ ”გუგლში”"][/caption]
როგორც ვხედავთ, თვით ”გუგლიც” კი გახდა ფსევდორელიგიური ექსტრემიზმის შეტევის მსხვერპლი, ან ვინმემ უშნოდ იხუმრა.
როგორც გავარკვიე, ”გუგლის” გაქართულებაც ვოლუნტიერების მეშვეობით ხდება, ანუ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჰოდა, თუკი ნამდვილად განაღვლებთ ამ საჭირო პროდუქტის ბედი თქვენს მშობლიურ ენაზე და გაქვთ გუგლის ანგარიში (ექაუნთი), შეიარეთ ამ ვებ-საიტზე, მცირეოდენი რეგისტრაციის შემდეგ გადადით რედაქტირების გვერდზე და ჩაასწორეთ ზემოთაღნიშნული ტექსტი. დამიჯერეთ, ამით ნამდვილად კარგ საქმეს გააკეთებთ...

Sunday, August 8, 2010

უორჰოლიზებული მაო

ჩან ჰონტუ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი მხატვარია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი არ ერიდება საკუთარ ქვეყანაში არსებული სისტემის მკაცრ კრიტიკას. ჩან ჰონტუს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი სერიის თემა დიდი ბელადის, მაო ძე-დუნის ხატებაა, რომელიც ჩანს ყველგან - პინგ-პონგის სათამაშო მაგიდაზეც და Quaker Oats-ის შეფუთვაზე. იგი გიყურებთ თავისი მაცდური კაცთმოყვარე ღიმილით, თვალს გადევნებთ და ცდილობს, თქვენშიც მოახდინოს კულტურული რევოლუცია, რომელიც განსხვავებით ჩინურისგან, დაგეხმარებათ, კარგად დაინახოთ წითელი დიქტატის, პიროვნების კულტის და ჩაკეტილი სივრცის უარყოფითი გავლენა და ამოძირკვოთ იგი საკუთარი გონებიდან.
[caption id="" align="alignnone" width="533" caption="ქვის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="499" caption="პოპკორნის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="384" caption="ბრინჯის მაო"][/caption]
[caption id="" align="alignleft" width="520" caption="პინგ-პონგის მაო"][/caption]


[caption id="" align="alignnone" width="500" caption="საიდუმლო ბანკეტი (The Last Banquette)"][/caption]
[caption id="" align="alignnone" width="369" caption="იგი ჩინელი სტალინია"][/caption]

Wednesday, August 4, 2010

მომიტევეთ პოსტის სათაურში გაუმართავი ფრანგულისთვის, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ პოსტს ამგვარი ტიტული შეეფერებოდა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადმინისტრაციულ ერთეულებს საკუთარი სიმბოლიკა - დროშები, გერბები და ჰიმნებიც კი გააჩნიათ. კარგია, რომ ამ მხრივ საქართველოშიც იგრძნობა გარკვეული ძვრები. საქართველოს ზოგიერთ ქალაქს მეფის რუსეთის დროსაც ჰქონდა საკუთარი ჰერალდიკური ნიშნები, კომუნისტური მმართველობისას აღნიშნული ტრადიცია არ იქნა შენარჩუნებული. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა თბილისის და რამდენიმე სხვა ქალაქის დროშა და გერბი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გადაწყვიტა და შედეგად საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და მუნციპალიტეტს საკუთარი ჰერალდიკური ნიშნებიც გაუჩნდათ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულენოვან ვიკიპედიაშიც შეგიძლიათ, თუმცა სამწუხაროდ, სია არასრულია.
[gallery]
როგორც ხედავთ, წამოწყება კარგია, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სიმბოლიკა თითქოს ერთფეროვანია და ერთ თარგზეა მოჭრილი. ჰერალდიკური ნიშნები გარკვეულწილად უნდა განასახიერებდნენ ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებს, რისი თქმაც ამ ახალ დროშებზე და გერბებზეც ნაკლებად შესაძლებელია...
თუმცა, კარგიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან აღნიშნული სიმბოლიკის არსებობა ნორმალური სახელმწიფოსთვის აუცილებელია და მოდით, ჩავთვალოთ ეს წამოწყება წინ გადადგმულ ნაბიჯად.
[slideshow]

Tuesday, July 20, 2010

სახალისო კარტოგრაფია

ამას წინათ ერთ ბლოგზე საინტერესო და სახალისო რუკებს წავაწყდი, რომელიც ალბათ თქვენც დაგაინტერესებთ.
მოცემული რუკა ასახავს 1912 წლის რევოლუციის პერიოდში ჩინეთში არსებულ მდგომარეობას, როდესაც ქვეყანა ფაქტიურად ანექსირებული იყო უცხოელების მიერ და ადგილობრივ ხელისუფლებაზე მეტი გავლენა კოლონისტებს გააჩნდათ.

1870 წლის ამ რუკაზე კი აღწერილია, თუ რა ხდებოდა 1870 წელს ევროპაში - პრუსია და საფრანგეთი ერთმანეთს ებრძვიან, რუსეთი დასავლეთისკენ მიიწევს, ხოლო ირლანდია ბებერ ბრიტანეთს ძაღლის საყელურზე გამოუბამს და არ უშვებს

კისაბურო ოჰარას მიერ 1904 წელს შექმნილ ამ რუკაზე კი ისევ ჩინეთისა და გაერსამყაროს ურთიერთობის თემაა აქტუალური, თუმცა რუსეთის როლი აქაც ხაზგასმულია, რადგან რუკის ავტორი იაპონელია და იგი სწორედ რუსეთ-იაპონიის ომის წინაა შექმნილი

რუსეთის თვალით დანახული ევროპა:

დაბოლოს, სალაღობო რუკა ”ბეჭდების მბრძანებლის” თემაზე - როგორც ჩანს, მინიმუმ 20 წლის წინანდელ სიტუაციას ასახავს, მაგრამ დღევანდელობასაც გარკვეულწილად ეხმიანება...

Thursday, July 1, 2010

სტალინის ბიუსტი წყალტუბოში

ამ ცოტა ხნის წინ გორის ცენტრიდან დიდი ბელადის ძეგლი აიღეს და სავარაუდოდ, მისივე სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მიუჩენენ ადგილს. სტალინის ძეგლები საქართველოში ჯერ კიდევ იოსებ ბესარიონის ძის სიცოცხლეშივე აღმართეს, თუმცა მათი უმეტესობა პარტიის მეოცე ყრილობას და პიროვნების კულტთან ბრძოლას შეეწირა. თუმცა გორის ცენტრში მან კიდევ არაერთი ათწლეული იარსება.
ვერ გეტყვით, ოცდამეერთე საუკუნეში სხვაგან მსოფლიოში დაუდგამთ თუ არა სტალინის ძეგლი, თუმცა დანამდვილებით გეტყვით, რომ 2001 წელს წყალტუბოს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებისა და ”საზოგადოების” ზოგიერთი წარმომადგენლის ინიციატივით, ქალაქის პარკში ბელადის ბიუსტი გამოჩნდა.

ძეგლის გახსნა საზეიმო იყო, იყო სიტყვით გამოსვლებიც და ადგილობრივმა გაზეთმა ამ ღირსშესანიშნავ ამბავს კარგა მოზრდილი სტატიაც უძღვნა.

ჯერჯერობით, ბელადის ძეგლი ისევ ამშვენებს ქალაქის ცენტრს და მისი აღებაც სავარაუდოდ, არ იგეგმება. როგორც ხვდებით, ბიუსტი მხატვრულ ღირებულებას ნამდვილად არ წარმოადგენს. შესაძლოა, გორის ცენტრში ბელადის ძეგლის არსებობას რაღაც გამართლება ჰქონდეს (თუნდაც ის, რომ სტალინი სწორედ ამ შესანიშნავი ქალაქის მკვიდრი იყო თავისი სიცოცხლის პირველ წლებში), მაგრამ მგონია, რომ თუკი ეს უკანასკნელი ჩაბარდა ისტორიას, არც დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თავმომწონედ მდგარი ბიუსტი იმსახურებს იქ ყოფნას.

Saturday, June 26, 2010

კარტოგრამები

ჩემი გეოგრაფიისადმი სიყვარული და შემდგომში, მომავალი პროფესია რუკებმა განაპირობეს. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმეტესობის პირველი კავშირი ამ მეცნიერებასთან სწორედ რუკების გაცნობით მოხდა.
რუკების მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავებული ტიპის ინფორმაციის გადმოსაცემად გაამოიყენება. კარტოგრამებიც ერთ-ერთი მათგანია, რომლებიც საგნების სივრცეში რეალურ მდგებარეობას არ ასახავენ, სამაგიეროდ ტენდენციებზე დაკვირვებისთვის საინტერესო ხერხს წარმოადგენენ.
ინტერნეტში კარტოგრამების მრავალ მაგალითს წააწყდებით, თუნდაც ასეთს:

რომელიც 2002 წლისთვის მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებას ასახავს.მართალია, კონტურები საშინლად დამახინჯებულია, სამაგიეროდ იდეას ადვილად გვაწვდის, მიგვითითებს რა ქვეყნების ზომით მდიდრების რაოდენობაზე.
ქვემოთ ვეცადე, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს რამდენიმე კარტოგრამა შემედგინა.
პირველ კარტოგრამაზე რაიონების და ქალაქების ზომები პროპორციულია მათში დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა, ხოლო ფერი კი მიგვითითებს, თუ ათას მოსახლეზე გათვლით რა რაოდენობის დანაშაული მოხდა 2001 წლისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ დიდი ქალაქები დანაშაულის რაოდენობითაც გამოირჩევიან, თუმცა 1000 მოსახლეზე გაანგარიშებით გორისა და თიანეთის რაიონების ლიდერობა საკმაოდ საინტერესო ფაქტია.
მეორე კარტოგრამა ასახავს საქართველოში მანქანების რაოდენობას ყოველ ათას კაცზე, რაც ტერიტორიული ერთეულების ზომებითაა გადმოცემული, ხოლო ფერები ასევე ათას მოსახლეზე ექიმთა რაოდენობას გადმოსცემს:

როგორც ვხედავთ, ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, ხელვაჩაურში, ქედაში, ხულოსა და წყალტუბოში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით იმდენივე ავტომობილი მოდის, რამდენიც თბილისსა და ქუთაისში, თუმცა სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა ექიმების რაოდენობის მხრივ. ამ მაჩვენებლით ისინი ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ. ვერაფერს იტყვით, საინტერესო და მრავლისმეტყველი სურათია

Sunday, May 30, 2010

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: აქტივობა 12 და 17 საათისთვის

An election is coming. Universal peace is declared, and the foxes have a sincere interest in prolonging the lives of the poultry.

G. Eliot

ჯერჯერობით ადგილობრივ არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალია (ყოველ შემთხვევაში, ამაზე ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მიგვითითებენ).
შედარების თვალსაზრისით, თვალშისაცემია ქვემო ქართლის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რადგან წინა არჩევნებში ამ რეგიონში აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა.
აქტივობა ტრადიციულად მაღალია სამცხე-ჯავახეთში. მაგალითად, ნინოწმინდაში 17 საათისთვის ელექტორატის 60%-ს უკვე დაფიქსირებული ჰქონდა საკუთარი არჩევანი. მოულოდნელად, სვანეთის და ზოგადად, დასავლეთი საქართველოს მთიან ნაწილში აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს.
რაც შეეხება თბილისს, აქ აქტივობა საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა და ზოგიერთ ოლქში 17 საათისთვის საარჩევნო უბნებში მოსული ამომრჩევლების პროცენტული წილი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (40%) საგრძნობლად
ჩამორჩებოდა

Tuesday, May 4, 2010

ტყუპი დროშები

დროშა ტერიტორიული ერთეულის თუ ორგანიზაციის უმთავრესი სიმბოლოა, რომელიც გარკვეულ აზრს გვიყალიბებს მათ შესახებ. დროშების დიზაინი, მართალია, გარკვეულ წესებს ემორჩილება, თუმცა მათი მრავალფეროვნება რაოდენობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ დამთხვევები არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ.

ინდონეზია და პოლონეთი გეოგრაფიული და კულტურული ანტიპოდები არიან; ანტიპოდებს წარმოადგენენ მათი დროშებიც - წითელი და თეთრი ზოლები საპირისპირო მხარეზე არიან განლაგებულები. მართალი გითხრათ, გარჩევა ცოტა რთული კია -  ისინი თითქმის იდენტური ტყუპები არიან.

ინდონეზია და პოლონეთი



ქალაქი კუსკო ინკების ძველი დედაქალაქია და გასაკვირი სულაც არაა მისი მცხოვრებლების გადაწყვეტილება, ქალაქის სიმბოლოდ ვიფალას, ანდების ინდიელთა დროშის გამოყენება. მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ვიფალა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლგბტ მოძრაობის დროშას და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა, კუსკოელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც შეეპაროს ეჭვი...

კუსკოს ვიფალა და ლგბტ-ის სეპტაკოლორი

კუსკოს ვიფალალგბტ

ირლანდიის და კოტ დ’ივუარის დროშები პოლონეთისა და ინდონეზიის მსგავსად, იდენტურ ტყუპებს წარმოადგენენ:
კოტ დ’ივუარი და ზურმუხტოვანი რესპუბლიკა

დაბოლოს, ყველაზე საინტერესო - იაკობ ნიკოლაძის იდეის მიხედვით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს 2004 წლამდე წარმოადგენდა, ორეული არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის ერთ-ერთი წვრილი სამთავროს დროშის სახით აღმოაჩნდა. მართალია, სანდურის დროშაზე შინდისფერი შედარებით ”გახუნებულია” და ცოტა სტაფილოსფერიც დაკრავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ოფიციალურ შენობებზეც კი ანალოგიურად ფერგასული დროშები ფრიალებდა...
საქართველო და... სანდური

Monday, April 19, 2010

სახალისო ტოპონიმიკა 2 - თბილისის ქუჩები

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

ბნელი ქუჩა


ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა


თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით - ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა


არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა


ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა...

მიტინგის ქუჩა


მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში - ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა


ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები


კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ - მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა


პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა


ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად...

ცისარტყელას ქუჩა


ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml