ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას რელიგიის, არატრადიციული ურთიერთობების თუ სხვა მსგავსი სოციალურ-კულტურული საკითხების მიმართ. საინტერესოა, თუ რა ტენდენციას გვიჩვენებს მსოფლიო ღირებულებათა კვლევის შედეგები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გრაფიკი, რომელიც ერთმანეთთან ადარებს საქართველოსა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შედეგებს, რომლებიც შედარებით ”გვგვანან” წარსულით თუ კულტურული თვალსაზრისით (გასაგებია, რომ მსგავსება საკამათო და პირობითია, თუმცა ანალიზისთვის ცუდი არაა).
როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, საქართველო იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებლით, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ ან უფრო მეტჯერ ესწრება რელიგიურ მსახურებას, მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება, ამასთან ჩვენთან საკმაოდ მცირეა იმ ადამიანების წილი, რომლებიც პრაქტიკულად არასოდეს დადიან ეკლესიებში, მეჩეთებში ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულეებში.
საინტერესოა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 97% რელიგიურია. რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, რელიგიური ადამიანების პროცენტული წილი ყველაზე დაბალი ბულგარეთშია, რომელიც ასევე გამოირჩევა ათეისტთა მაღალი მაჩვენებლით.
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის მოსახლეობაში საკმაოდ ძლიერია რელიგიური გრძნობები, ისინი, ბულგარელთა მსგავსად თვლიან, რომ რელიგიური ლიდერები ქვეყნის საერო ცხოვრებაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ. საინტერესოა, რომ იმ ადამიანთა წილი მოსახლეობაში, რომლებიც რაღაც დონეზე არ ეთანხმებიან აღნიშნულ აზრს და თვლიან, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს მთავრობის საქმიანობაში, სწორედ საქართველოშია მაქსიმალური.
ჩემი აზრით, ამ გრაფიკის სინამდვილეში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია და ტაბუდადებული. ამ მაჩვენებლით საქართველო ჩამოთვლილი ქვეყნებისგან სრულიად განსხვავდება, რომლებშიც, თავის მხრივ მაინცდამაინც ლიბერალური დამოკიდებულება არ არის ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი...
ვერ გეტყვით, რისი ბრალია სერბების ამგვარი განწყობა ცოლის ცემისადმი, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 96% არასოდეს ამართლებს ქმრის მიერ მეუღლის ცემას. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში კვლევის შედეგად არავის დაუფიქსირებია ამ მოვლენისადმი მეტნაკლებად დადებითი დამოკიდებულება...
თუკი ზემოთაღწერილი გრაფიკების შედეგებს მოკლედ შევაჯამებთ, ვნახავთ, რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუტებისადმი დადებითი დამოკიდებულება განხილული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მაღალია. შეიძლება, ამითაც ავხსნათ ჰომოსექსუალური ურთიერთობებისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება. ამასთან, საქართველოს მოსახლეობა უარყოფითადაა ოჯახური ძალადობისადმი განწყობილი, თუმცა, ადამიანთა მოსაზრება ხშირ შემთხვევაში არ ასახავს იმას, რასაც ისინი სინამდვილეში აკეთებენ...
1 comment:
საინტერესო სტატისტიკაა :)
Post a Comment