Monday, September 13, 2010

ვინ ცხოვრობს თურქეთში?

თურქეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. უფრო სწორად, არ არსებობს, რადგან თურქეთის მოსახლეობის აღწერისას კითხვა რესპონდენტის ეთნიკური წარმოშობის შესახებ არ ისმება, შესაბამისად, ამ თემაზე საუბარი მხოლოდ სხვადასხვა გამოკვლევებით და მიახლოებითი მსჯელობითაა შესაძლებელი.


ზოგადად, თურქეთში ეთნიკური კუთვნილების თემა კარგა ხნის მანძილზე იყო ტაბუდადებული. ოსმალეთის იმპერიაში ყურადღება ძირითადად პიროვნების რელიგიას ენიჭებოდა, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავდა კიდეც მის ადგილს საზოგადოებაში, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბერძნები, სომხები და ებრაელები იმპერიის პერიოდში ცალკე "მილეთად" (ხალხად, ეთნოსად) ითვლებოდნენ. მათ უმეტეს შემთხვევაში, არავინ დევნიდა და პირიქით, საკმაოდ მდიდარ და გავლენიან ფენას წარმოადგენდნენ, რადგან ძირითდად ვაჭრობით და მევახშეობით იყვნენ დაკავებულები (ანუ იმ საქმიანობით, რაც მართლმორწმუნე მუსლიმს ეკრძალებოდა). მდგომარეობა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ოსმალეთის იმპერიაში ნაციონალისტურად განწყობილი ინტელექტუალებმა (მათ შორის რამდენიმე არათურქი, კერძოდ, ებრაელი იყო), ჩამოაყალიბეს "ახალგაზრდა თურქების" მოძრაობა. ამავე პერიოდში დაიწყო მწვავე დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე. პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო ოსმალეთს და ქვეყნის გადასარჩენად და მასების მობილიზებისთვის მმართველმა ფენებმა ნაციონალიზმი გამოიყენეს. შესაბამისად, ოსმალეთის იმპერიის ყოფილმა მოქალაქეებმა ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ ისინი თურქები გახდნენ, არადა უახლოეს წარსულში "თურქს", როგორც სალანძღავ სიტყვას, ისე გამოიყენებდნენ და ასე ანატოლიელ პროვინციელებს მოიხსენიებდნენ. მოკლედ, 1982 წლის კონსტიტუციის 66-ე მუხლის თანახმად, თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია, თურქი დედის ან თურქი მამის შვილიც თურქია, სკოლაში თურქული ენა ისწავლება და ეთნიკური უმცირესობების გათურქების (გინა თურქიზაციის J ) პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა/მიმდინარეობს. შედეგად, მცირე გამონაკლისების გარდა, ქვეყანამ მიიღო ბევრი ლოიალური მოქალაქე, რომელთაც შეიძლება, ახსოვთ თავიანთი წარმომავლობა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. გამონაკლისს ქურთული სათვისტომო წარმოადგენს, რომელიც გარდა კომპაქტური განსახლებისა, რაოდენობითაც გამოირჩევა. ქურთების დისკრიმინაციამ (მათ კარგა ხნის მანძილზე "მთის თურქებად" მოიხსენებდნენ, არადა, ამ ორ ეთნოსს შორის არავითარი ნათესაური კავშირი არაა). შედეგად თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთში შფოთვის და მღელვარების მუდმივმოქმედი კერა მიიღო.


ჩვენთვის თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის თემა საინტერესო იმიტომაა, თურქეთი ჩვენი მეზობელია და ზანზიბარისგან განსხვავებით, საერთო საზღვარი გვაქვს, ამასთან ჩვენ თანდათან მთელს მსოფლიოში დავიწყეთ ნათესავების ძიება და რაც მთავარია, სხვადასხვა დროს ქართველებით დასახლებული ტერიტორია დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ხოლო მოსახლეობა ძირითადად, არსად წასულა. საკითხავი ისაა, რამდენად თვლიან ის ადამიანები თავს ქართველად და საერთოდ აქვთ კი ამგვარი გრძნობა. თუმცა ეს დღევანდელი პოსტის თემა არაა. უბრალოდ, გადავხედოთ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს და წარმოდგენა შევიქმნათ თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ.


დიაგრამაზე წარმოდგენილია "ეთნოლოგის" მონაცემები თურქეთში გავრცელებული ენების შესახებ. ამ წყაროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 84% თურქულ (Turkic) ენებზე ლაპარაკობს (იგულისხმება, თურქული, თათრული, თურქმენული, აზერბაიჯანული და ა.შ.), 12.4%-ს შეადგენენ ქურთულ ენებზე მოლაპარაკეები (ზაზა (ენა და ხალხია!), ქურმანჯი და ა.შ.), შემდეგ მოდიან ჩრდილოკავკასიელები - 2.1% (იგულისხმებიან ყაბარდოელები, აფხაზები, აბაზები, ჩერქეზები). შემდეგ მოდიან არაბულ, ქართველურ, სლავურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხები.


როგორც ვხედავთ, ეს მონაცემები არც ისე სრულია, თუმცა ამსხვრევს მითს თურქეთის მონოეთნიკურობის შესახებ. როდესაც შენი მოსახლეობის მინიმუმ ოცი პროცენტი არ განეკუთვნება სატიტულო ერს, ე.ი. ეთნიკურ უმცირესობებისთვის დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება არც ისე მომგებიანი იქნება, მით უმეტეს, თუკი ბოლო წლებია, უშუალოდ აკაკუნებ ევროკავშირის კარზე, რომელიც ამგვარ მიზეზს შენს გასაპანღურებლად აუცილებლად დაიხვევს თითზე.


გავლენიანმა თურქულმა გამოცემამ "მილიეთმა" და KONDA Research-მა (ეს უკანასკნელი თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს) 2006 წელს საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარა ქვეყნის სოციალური სტრუქტურის შესახებ. თურქეთის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული 50 ათასამდე ადამიანი. რესპონდენტებს კითხვები მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებაც დაუსვეს. ვერ გეტყვით, რამდენად სწორად განაზოგადეს შედეგები, მაგრამ თუკი მათ ვენდობით, ჩანს, რომ თურქეთის 73-მილიონიანიანი მოსახლეობიდან 76% თურქია, 15.7% - ქურთი. უფრო სრულად სტრუქტურა მარჯვნივ მდებარე ცხრილშია მოცემული. ქართულენოვან ცხრილში კი საერთაშორისო პროტესტანტული საზოგადოების Joshua Project -ის მონაცემებია, რომელიც მიგვითითებს, რომ თურქეთში მილიონზე მეტი რიცხოვნობის მქონე ეთნოსებს შეადგენენ თურქები, ქურთები, არაბები და ჩერქეზები (ჩრდილოკავკასიელები). ლაზებისა და ქართველების რაოდენობა 150 – 150 ათასს შეადგენს, აფხაზების - 56 ათასს და ა.შ.


ორიოდე წლის წინ თურქულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები. თუკი მას დავუჯერებთ, თურქების (და თურქულენოვანი ადამიანების) რაოდენობა ქვეყანაში 55 მილიონს შეადგენს, ქურთებისა - 12-15 მლნ.-ს, ჩერქეზების - 2.5 მილიონს, ქართველების - 1 მილიონს, არაბებისა - 870 ათასს, ლაზების - 80 ათასს, ალბანელების - 1.3 მილიონს და ა.შ.


როგორც ვხედავთ, მონაცემები თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა მიგვითითებს, რომ ძირითად ეთნოსებს ქვეყანაში თურქები და ქურთები შეადგენენ, ამასთან აქ ჩრდილოკავკასიელების, არაბების, ქართველების მნიშვნელოვანი რაოდენობა სახლობს. რაც შეეხება ქართველების რაოდენობის შესახებ ისეთ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც თურქეთში ჩვენებურების სამმილიონიანი დიასპორა ცხოვრობს, ჩემს მიერ მოძიებული მასალები მსგავსის თქმის საშუალებას არ იძლევა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად ლეგენდაცაა. რა თქმა უნდა, თურქეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ქართველი ურევია წინაპრებში, ბევრი იქნება, მაგრამ რამდენად თვლიან ეს ადამიანები ქართველად, სულ სხვა საქმეა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ლოიალური მოქალაქეები არიან და ჩვენ პირველ რიგში ნათესავების ძებნის ნაცვლად, ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ...


4 comments:

endeblogi said...

შენ სტატიებს რო ვეცნობი უფრო და უფრო მინდება საზ. გეოგრაფობა :დ

fmagellan said...

ნუ გამაწითლე, თუ კაცი ხარ :დ როდის გაქვს გამოცდა? გადახედე საკითხებს?

endeblogi said...

16Si maqvs, xo gadavxede, imedia is sakitxebi mova romelic saitzea gamoqveynebuli, gamocda ra saxis ari? testi, tema?

fmagellan said...

მე რომ ჩავაბარე, მაშინ თემის სახით იყო. ეგ ჯობია, მგონი :)