ჩვენთვის თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის თემა საინტერესო იმიტომაა, თურქეთი ჩვენი მეზობელია და ზანზიბარისგან განსხვავებით, საერთო საზღვარი გვაქვს, ამასთან ჩვენ თანდათან მთელს მსოფლიოში დავიწყეთ ნათესავების ძიება და რაც მთავარია, სხვადასხვა დროს ქართველებით დასახლებული ტერიტორია დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ხოლო მოსახლეობა ძირითადად, არსად წასულა. საკითხავი ისაა, რამდენად თვლიან ის ადამიანები თავს ქართველად და საერთოდ აქვთ კი ამგვარი გრძნობა. თუმცა ეს დღევანდელი პოსტის თემა არაა. უბრალოდ, გადავხედოთ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს და წარმოდგენა შევიქმნათ თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ.
დიაგრამაზე წარმოდგენილია "ეთნოლოგის" მონაცემები თურქეთში გავრცელებული ენების შესახებ. ამ წყაროს თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 84% თურქულ (Turkic) ენებზე ლაპარაკობს (იგულისხმება, თურქული, თათრული, თურქმენული, აზერბაიჯანული და ა.შ.), 12.4%-ს შეადგენენ ქურთულ ენებზე მოლაპარაკეები (ზაზა (ენა და ხალხია!), ქურმანჯი და ა.შ.), შემდეგ მოდიან ჩრდილოკავკასიელები - 2.1% (იგულისხმებიან ყაბარდოელები, აფხაზები, აბაზები, ჩერქეზები). შემდეგ მოდიან არაბულ, ქართველურ, სლავურ და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხები.
გავლენიანმა თურქულმა გამოცემამ "მილიეთმა" და KONDA Research-მა (ეს უკანასკნელი თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ავტორიტეტულ ორგანიზაციას წარმოადგენს) 2006 წელს საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარა ქვეყნის სოციალური სტრუქტურის შესახებ. თურქეთის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევით შერჩეული 50 ათასამდე ადამიანი. რესპონდენტებს კითხვები მათი ეთნიკური კუთვნილების შესახებაც დაუსვეს. ვერ გეტყვით, რამდენად სწორად განაზოგადეს შედეგები, მაგრამ თუკი მათ ვენდობით, ჩანს, რომ თურქეთის 73-მილიონიანიანი მოსახლეობიდან 76% თურქია, 15.7% - ქურთი. უფრო სრულად სტრუქტურა მარჯვნივ მდებარე ცხრილშია მოცემული. ქართულენოვან ცხრილში კი საერთაშორისო პროტესტანტული საზოგადოების Joshua Project -ის მონაცემებია, რომელიც მიგვითითებს, რომ თურქეთში მილიონზე მეტი რიცხოვნობის მქონე ეთნოსებს შეადგენენ თურქები, ქურთები, არაბები და ჩერქეზები (ჩრდილოკავკასიელები). ლაზებისა და ქართველების რაოდენობა 150 – 150 ათასს შეადგენს, აფხაზების - 56 ათასს და ა.შ.
ორიოდე წლის წინ თურქულ პრესაში გამოქვეყნდა რამდენიმე თურქული უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები. თუკი მას დავუჯერებთ, თურქების (და თურქულენოვანი ადამიანების) რაოდენობა ქვეყანაში 55 მილიონს შეადგენს, ქურთებისა - 12-15 მლნ.-ს, ჩერქეზების - 2.5 მილიონს, ქართველების - 1 მილიონს, არაბებისა - 870 ათასს, ლაზების - 80 ათასს, ალბანელების - 1.3 მილიონს და ა.შ.
როგორც ვხედავთ, მონაცემები თურქეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ არაერთგვაროვანია, თუმცა ყველა მიგვითითებს, რომ ძირითად ეთნოსებს ქვეყანაში თურქები და ქურთები შეადგენენ, ამასთან აქ ჩრდილოკავკასიელების, არაბების, ქართველების მნიშვნელოვანი რაოდენობა სახლობს. რაც შეეხება ქართველების რაოდენობის შესახებ ისეთ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც თურქეთში ჩვენებურების სამმილიონიანი დიასპორა ცხოვრობს, ჩემს მიერ მოძიებული მასალები მსგავსის თქმის საშუალებას არ იძლევა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად ლეგენდაცაა. რა თქმა უნდა, თურქეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ქართველი ურევია წინაპრებში, ბევრი იქნება, მაგრამ რამდენად თვლიან ეს ადამიანები ქართველად, სულ სხვა საქმეა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის ლოიალური მოქალაქეები არიან და ჩვენ პირველ რიგში ნათესავების ძებნის ნაცვლად, ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულფასოვან ჩართვაზე უნდა ვიზრუნოთ...
4 comments:
შენ სტატიებს რო ვეცნობი უფრო და უფრო მინდება საზ. გეოგრაფობა :დ
ნუ გამაწითლე, თუ კაცი ხარ :დ როდის გაქვს გამოცდა? გადახედე საკითხებს?
16Si maqvs, xo gadavxede, imedia is sakitxebi mova romelic saitzea gamoqveynebuli, gamocda ra saxis ari? testi, tema?
მე რომ ჩავაბარე, მაშინ თემის სახით იყო. ეგ ჯობია, მგონი :)
Post a Comment