Monday, April 19, 2010

სახალისო ტოპონიმიკა 2 - თბილისის ქუჩები

საქართველოს დედაქალაქში 1100-ზე მეტი ქუჩაა, შესაბამისად, მრავალფეროვანია მათი სახელწოდებებიც. თბილისის რუკაზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც სოციალისტური რეალიზმის ამსახველი სახელწოდებები, ასევე ახლახანს დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტისა და მისი უგენიალურესობა დაბლიუ ბუშის სეხნიაც კი. ქვემოთ კი მოცემულია რამდენიმე ქუჩა, რომელთა სახელწოდებებიც ყველაზე სახალისოდ მომეჩვენა და მგონია, რომ თქვენც დაგაინტერესებთ.

ბნელი ქუჩა


ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს

გოგირდის ქუჩა


თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით - ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.

დოქის ქუჩა


არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:

ვარდის ქუჩა


ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა...

მიტინგის ქუჩა


მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში - ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.

საყვირის ქუჩა


ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა

ტყეკულტურის და ტყის ქუჩები


კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ - მთავარი ხომ იდეა გახლდათ

რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ

ფიზკულტურის ქუჩა


პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა

შხეფის ქუჩა


ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად...

ცისარტყელას ქუჩა


ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.

წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml

Thursday, April 8, 2010

სამგანზომილებიანი თბილისი

Google Earth-ს ბევრი ძალიან საინტერესო სერვისი აქვს. მათ შორის - სამგანზომილებიანი შენობების გამოსახვის საშუალება. ბოლო დრომდე საქართველოს დედაქალაქის რუკაზე მათ ძებნას ტყუილად დაუწყებდით, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია, რამდენიმე მათგანი ვიხილოთ კიდეც. მიუხედავად, რომ სურათებიც საკმაოდ ეფექტურია, ყველას გირჩევთ, ჩამოტვირთოთ ეს პროგრამა და უშუალოდ ”ლაივში” იხილოთ თქვენთვის ძალიან ნაცნობი შენობების სამგანზომილებიანი მოდელები.

თბილისის ტელეანძა

ტელეანძა

პოლიციის ახალი შენობა

პოლიციის ახალი შენობა

”არსის” შენობა დოლაბაურის მოედანზე

”არსის” შენობა დოლაბაურის მოედანზე

საბურთალო. სასტუმრო ”აჭარა” და სპორტის სასახლე

საბურთალო. სასტუმრო ”აჭარა” და სპორტის სასახლე

ეროვნული სტადიონი

ეროვნული სტადიონი

სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი

თავისუფლების მოედანი

თავისუფლების მოედანი

ძველი თბილისი. შენობა გუდიაშვილის მოედანზე და ნორაშენის სომხური ეკლესია


ძველი თბილისი. შენობა გუდიაშვილის მოედანზე და ნორაშენის სომხური ეკლესია

Wednesday, April 7, 2010

ტიტები არ არიან...

ყველაზე ახალგაზრდა ფერადი რევოლუცია თავის დასასრულს მიუახლოვდა. ყირგიზეთში  ეს დღეებია, არეულობას ბოლო არ უჩანს, რომელმაც დღეს პიკს მიაღწია. უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან სულ მცირე, 40-მდე დაღუპულის შესახებ (ბოლო მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა). პრეზიდენტმა ბაკიევმა დატოვა ქვეყანა და ყაზახეთში გაემგზავრა, ხოლო დაპატიმრებულმა ოპოზიციურმა ლიდერებმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მალაიზიაში სსრკ-ს ყოფილი ელჩისა და ”ტიტების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედის, როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობა შექმნეს.
[googlemaps http://maps.google.com/maps/ms?ie=UTF8&hl=en&msa=0&msid=107659159078454369076.000483a99bbfaef86cca5&ll=41.622477,74.108276&spn=2.200653,3.768311&output=embed&w=690&h=450]
როგორც ჩანს, რევოლუციონერებს აქვთ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება. 2007 წელს ხელისუფლებაში დიდი იმედებით და დემოკრატიული სლოგანებით მოსული კურმანბეკ ბაკიევი მმართველობის ბოლო წლებში დიქტატორად იქცა, რომელსაც თითქმის ყველა თანამებრძოლი ჩამოცილდა (საინტერესო ტენდენციაა - ამჟამინდელი ოპოზიციური ლიდერები ყოფილი ყოფილი პრემიერი, ყოფილი სპიკერი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ყოფილი პროკურორი და სხვა ყოფილი სამთავრობო ჩინოსანია). ხმები ვრცელდებოდა, რომ ბაკიევი საკუთარ მემკვიდრედ შვილს - მაქსიმს ამზადებდა.

არეულობები 6 აპრილს დაიწყო, როდესაც ქალაქ ტალასში ასეულობით მომიტინგემ დაიკავა სამთავრობო შენობები და ძალაუფლება ხელში აიღო, რასაც ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მოყვა. 7 აპრილს არეულობამ დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შტურმით აიღეს საკვანძო დაწესებულებები (მ.შ. ტელევიზია). სროლის ხმა ორივე მხრიდან ისმოდა. სამედიცინო დაწესებულებები კი ათეულობით დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ იუწყებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერებმა უკვე დაიკავეს უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინა.

როგორც ცხადი იყო, საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებით შემოიფარგლა და ორივე მხარეს დაშოშმინებისკენ მოუწოდა.
ბაკიევის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებას აქტიურად ადანაშაულებდნენ კორუფციაში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, იგი ახერხებდა, დისტანცირება მოეხდინა რუსეთსა და აშშ-ს შორის, მანიპულირებდა სამხედრო ბაზებითაც. ბაკიევმა აიძულა შეერთებული შტატები, დაეხურა ძალიან მნიშვნელოვანი მანასის ავიაბაზა, ხოლო საჭირო დივიდენდების მიღების შემდეგ ისევ მოიპატიჟა ამერიკელები ყირგიზეთში, რომელთაც ცენტრალურ აზიაში ავღანეთის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის ჰაერივით ესაჭიროებოდათ დასაყრდენი პუნქტი.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს გადატრიალება გარედან იყო ინსპირირებული. ბრალდებას აქვს გარკვეული საფუძველი, რადგან ბაკიევის ასე თუ ისე პროამერიკული ორიენტაცია (საკმაოდ საკამათო) რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ იგი ყირგიზეთის საქმეებში ჩარეულიყო. თუმცა ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად გამორიცხა ეს ფაქტი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ალბათ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ადგილი, სადაც რუსული და ამერიკული სამხედრო ბაზები ერთმანეთთან ასე ახლოს მდებარეობენ.

როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია, რადგან დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ”ტიტების რევოლუციის” ბასტიონიდან, ქალაქ ჯალალაბადიდან ბაკიევის 50 ათასი მობილიზებული მხარდამჭერი დაიძრა დედაქალაქში ”წესრიგის” დასამყარებლად. თუკი ეს მოხდა, ცენტრალურ აზიაში კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება (ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ).

შეუძლებელია, ქვეყანაში ცარიელ ადგილზე აიგოს ის,რისი მშენებლობის გამოცდილებაც არ არსებობს. დემოკრატიულ ტალღაზე მოსული ხელისუფლება მალევე დაუბრუნდა ავტორიტარულ საწყისებს, რაც მისთვის უფრო ბუნებრივი იყო. რთულია, დაძლიო ის, რაც შეიძლება, სისხლში გაქვს გამჯდარი...
(ფოტოები: Associated Press, Reuters)