Wednesday, February 17, 2010

სამთავრობო გუმბათები

კაპიტოლეუმი

სამთავრობო შენობა პუერტო-რიკოში
















პალაუს მთავრობის სასახლე

და...

Tuesday, February 16, 2010

ძეგლთა მიგრაცია

დაახლოებით ერთი წლის წინ სანტანდერის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნიდან პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებული კაუდილიო ფრანკოს უკანასკნელი სტატუაც მოაშორეს. ძეგლის აღების პროცესს უამრავი ცნობისმოყვარე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს დიქტატურა ესპანეთში ოფიციალურად ნეგატიურად თითქმის არასოდეს შეუფასებიათ, ახალი დემოკრატიული ხანის დადგომის შემდეგ მასთან დაკავშირებული ძეგლები თანდათან თვალს მიეფარა და ამჟამად მხოლოდ ესპანეთის აფრიკულ ნაწილში, ქალაქ მელილიაშია შემორჩენილი.


სტატუები მმართველი წრეების საყვარელ გასართობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან. მისწრაფება გიგანტომანიისაკენ სახვით ხელოვნებაში ამგვარი წყობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი თავიანთი სიდიადით თითქოს თრგუნავენ მნახველს და მორჩილებას უნერგავენ. საზოგადოებაზე ზემოქმედების ამგვარი ხერხი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი.


საქართველოში, რომელიც არასოდეს იყო განებივრებული დემოკრატიული მმართველობით, ამგვარი გიგანტური არქიტექტურული ფორმები უხვადაა. ამასთან ყოველი რეჟიმი ცდილობდა, საკუთარი ხელწერა დაეტყო მათზე. კომუნისტური ეპოქაში ძირითადი


აქცენტი პარტიულ ბელადებზე და ასევე მმართველობისთვის სასურველ ისტორიულ პიროვნებებზე კეთდებოდა (მოდით, სააკაძისა და აღმაშენებლის ძეგლების დადგმას კომუნისტური ელიტის სულში პატრიოტიზმის მბჟუტავი ალის გაღვიძებად ნუ შევაფასებთ). ლავრენტი ბერია, როგორც ცნობილია, მეტეხის ტაძრის აფეთქებას და მის ადგილზე შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმას აპირებდა (საინტერესო პარადოქსი - ქართველებისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაგებობა საფიცარი პოეტის ქანდაკებით უნდა შეეცვალათ). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა ჟამი ძეგლების ჩამოგდებისა. შედეგად, საქართველოს ყველა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გაქრა ლენინისა და სტალინის მონუმენტური ქანდაკებები, რაც სრულიად გამართლებული იყო. საზოგადოება უნდა გათავისუფლებულიყო წარსული ხსოვნისგან, რისი განხორციელებაც ჯერ გარეგნული ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო.


საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძეგლების გადაადგილება. გავიხსენოთ სასტუმრო "რედისონ-ივერიის" მიმდებარე ტერიტორიიდან დავით აღმაშენებლის ქანდაკების უეცარი აღმოჩენა თბილისის შემოსასვლელში, ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის მიგრაცია ქალაქის ცენტრიდან მის ერთ-ერთ გარეუბანში, ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დემონტაჟის ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევა (კიდევ ერთი ლირიული გადახვევა: როგორც ამბობენ, ამ მონუმენტის ადგილას პარლამენტის შენობის აგება იგეგმებოდა - ასევე საინტერესო პარალელი: თბილისში მთავრობის სასახლის ადგილას ადრე სამხედრო ტაძარი იყო, რომელიც მეფის რუსეთის არმიის და ხელისუფლების სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა...) , თამარ მეფის გამზირზე ზარ-ზეიმით გახსნილი და შემდეგ ბორჯომში გადატანილი პრომეთე... მაგალითი ბევრია, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არქიტექტურული ფორმების გადატანა-გადმოტანას.


სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ისევ ბევრი რამაა იდეოლოგიზებული. წარსული რეჟიმებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ ხდება მათ მიერ დატოვებული მონუმენტური ნაკვალევების წაშლა და სხვა ორიენტირებით ჩანაცვლება. თუმცა ამ პროცესში შეცდომებსაც აქვს ადგილი. მაგალითად, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას დგას მედეას ძეგლი, ქალისა, რომელიც კლასიკურ სამყაროში ღალატის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მას ხელთ ოქროს საწმისი უპყრია - გატაცებული ღირსებისა და პატივის აღმნიშვნელი. ასევე თითქმის გაურკვეველი მიზეზების გამო საკუთარი ადგილი შეინარჩუნა პროლეტარიატის დიდი ბელადის ძეგლმა ქალაქ გორში, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ამშვენებს ამ ქალაქის მთავარ მოედანს.


სივრცითი ორიენტირები ადამიანის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ, თუმცა საზოგადოების აზროვნების უკეთესისკენ შეცვლისთვის საკმარისი არაა მათი მოშლა და ახლით ჩანაცვლება. ადამიანებმა პირველ რიგში, გონებით უნდა გაითავისონ ცვლილებების საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის დღევანდელის მსგავსი იქნება.

Monday, February 8, 2010

ლურჯ-ყვითელი არჩევანი - მეორე ტური/Yellow-Blue Choice - Runoff

ვ. იანუკოვიჩის მიერ მიღებული ხმები/Votes received by V. Yanukovich

ი.ტიმოშენკოს მიერ მიღებული ხმები/Votes receive by Y. Timoshenko

გამარჯვებულები რეგიონებში / Winners in regions
<

Damaged Kopitnari Airport after Russian invasion; August 2008./დაზიანებული კოპიტნარის აეროპორტი რუსული აგრესიის შემდეგ; აგვისტო 2008

Google map-ის რუკაზე კარგად ჩანს რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.

[googlemaps http://maps.google.com/maps?f=q&amp;source=s_q&amp;hl=en&amp;geocode=&amp;q=kopitnari&amp;sll=37.0625,-95.677068&amp;sspn=33.764224,79.013672&amp;ie=UTF8&amp;hq=kopitnari&amp;hnear=&amp;radius=15000&amp;t=h&amp;ll=42.176603,42.483573&amp;spn=0.015266,0.027466&amp;z=15&amp;output=embed&w=640&h=480]

Monday, January 18, 2010

ლურჯ-ყვითელი არჩევანი 2 - საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები Yellow-Blue Choice – Preliminary Results of Ukrainian Presidential Elections

უკომენტაროდ: უკრაინაში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკები


With no comment: maps of the Ukrainian presidential elections held yesterday











რუკები დამზადებულია უფასო და ინტერნეტში თავისუფლად გავრცელებული მასალების საფუძველზე. რუკების გამოყენება შესაძლებელია ავტორის ნებართვის შემთხვევაში


The maps are made on basis of free and publicly available sources. Use maps under author's permission.

Saturday, January 16, 2010

ლურჯ-ყვითელი არჩევანი

არჩევნები მეტნაკლებად დემოკრატიული ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თავად არჩევნების მიმდინარეობაზე კი უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას - ქვეყნის ეკონომიკა, მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები. უკრაინა ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან ქვეყანაში 2004 წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ შედეგების რეგიონული განსხვავება თვალსაჩინოა. 2004 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებმა ქვეყანა თითქოს გაიყვეს - ისტორიული მარჯვენა ნაპირის უკრაინამ იუშჩენკოს დაუჭირა მხარი, ხოლო რუსულ- და სურჟიკენოვანი (სურჟიკი - უკრაინული და რუსული ენის ნარევი, რომელიც ე.წ. ბუფერულ რეგიონებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული) მარცხენა ნაპირის უკრაინა კი იანუკოვიჩის ერთგული დარჩა.


ხვალ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა (როგორც თავად უკრაინელები ამბობენ) თავის პრეზიდენტს ირჩევს. სავარაუდოდ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელიც ყველა გამოკითხვის მიხედვით ლიდერობს და მისი ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. თუმცა იმას ნამდვილად ვერ გავექცევით, რომ მიმდინარე და უკრაინის საერთოდ ყველა კონკურენტუნარიან არჩევნებზე გავლენას ეთნიკური და ენობრივი თავისებურებები ახდენს. გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იუშენკოს ბლოკმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ დასავლეთ ოლქებში მიაღწია, სადაც სწორედ უკრაინულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. ვიქტორ იანუკოვიჩი კი პოპულარული ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო, სადაც როგორც ყველასთვის ცნობილია, უკრაინულენოვანი მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა შედარებით მცირეა.


საინტერესოა, რამდენად გამოვლინდება ზემოთგანხილული ტენდენცია ხვალინდელ არჩევნებში. გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მაღალი შანსი ვიქტორ იანუკოვიჩს გააჩნია, რომელსაც გარანტირებული აქვს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის ამომრჩეველთა ხმები. ამ რეგიონში სხვა კანდიდატებს შედარებით ნაკლები შანსები აქვთ, ამასთან უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - რაც უფრო ეთნიკურად ერთგაროვანია ოლქი, მით უფრო ნაკლებპლურალისტური იყო ამომრჩევლის ქცევა. ამ შემთხვევაში სულაც არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ეთნიკური თუ ენობრივი ჯგუფია დომინანტი ამ რეგიონში.


ისმის კითხვა, რა იქნება ამ არჩევნებზე? ახლა ხომ გარდა მოქმედი პრეზიდენტისა, მასში მონაწილეობას "ნარინჯისფერი კოალიციის" რამდენიმე აქტიური წევრი იღებს. ამჟამად პრეზიდენტ იუშენკოს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და იანუკოვიჩის მთავარ კონკურენტს "ნარინჯისფერი პრინცესა" იულია ტიმოშენკო წარმოადგენს, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად მას "რეგიონების პარტიის" ლიდერთან შედარებით ელექტორატის ნაკლები რაოდენობა უჭერს მხარს. ამასთან არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - ე.წ. დასავლეთის ელექტორატი რამდენიმე კანდიდატს შორის მერყეობს, რომლებიც ეთნიკურ უკრაინელებს წარმოადგენენ და ამის აფიშირებას ახდენენ კიდეც. თუმცა, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა და ყველაფერი იქ გადაწყდება.


თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, თუ რატომ არის უკრაინის ამომრჩეველი ასე დიფერენცირებული და მომავალში რა პრობლემას წარმოქმნის აღნიშნული ფაქტი. არჩევნები უნიკალური მოვლენაა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, ლეგალურად გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც დემოკრატიულ პირობებში ყოველთვის აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში დამარცხებული გერმანელი ხალხი სავსე იყო შურისძიების წყურვილით, ხოლო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს, მოიგეს რა არჩევნები სრულიად გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. უკრაინის არჩევნები კი კიდევ ერთხელ ასახავს, თუ რა განსხვავებულად აღიქვამს მოვლენებს ქვეყნის მოსახლეობა თან ეს სხვაობა ტერიტორიული კონცენტრაციით გამოირჩევა. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამგვარმა სხვაობამ? საკმაოდ საშიში ტენდენციაა - პირდაპირ რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ქვეყანა აუცილებლად გასაყოფადაა განწირული, თუმცა მისი ერთ ერად ჩამოყალიბება ძალიან რთული საქმეა. უფრო მეტიც, შეიძლება განვაცხადოთ, რომ უკრაინელი ერი, როგორც პოლიტიკური ერთობა, არ არსებობს, ქვეყანაში არის ორი დომინანტი ეთნოსი, რომელიც განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და როდესაც შანსი ეძლევა, ამ სხვაობის ღია გამოვლენას არ ერიდება.


უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებული არ არის და იგი მაგალითად ჩვენთვისაც გამოდგება. სამწუხაროდ, საქართველოში აღნიშნული ტენდენცია ზოგჯერ ვლინდება ხოლმე, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ქართველი ერი ისევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ბევრი მტკიცებისა, რომ უძველესი ერი ვართ, ჩვენი თანამდეროვე პოლიტიკური ერთობისთვის სახის მიცემა სწორედ ახლა მიმდინარეობს და უნდა ვეცადოთ, რომ იგი სათანადო გზით წარიმართოს. თუკი ასე არ მოხდება, გათიშულობის უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენს ისტორიაში და თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამჟამინდელი პერიოდი წარუმატებლობის კიდევ ერთ განსახიერებად იქცეს.

Monday, December 7, 2009

საქართველოს სახალისო ტოპონიმიკა

საქართველოში 3800-მდე დასახლებული პუნქტია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სოფლები შეადგენენ. ჩვენი ქვეყნის ბუნების მსგავსად, ტოპონიმებიც დიდი მრავალფეროვნებით და ძალიან ხშირად ორიგინალობითაც გამოირჩევიან.  ამ პოსტში მინდოდა, მომეყვანა რამდენიმე საინტერესო ფაქტი და სახელწოდება,     რომელიც ალბათ დააინტერესებს და შეიძლება გაამხიარულოს კიდეც მკითხველი. ქვეყმოთმოყვანილი ინფორმაცია მომზადებულია ყველასთვის საჯარო და ხელმისაწვდომი წყაროს საფუძველზე, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოინახულოთ.. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მასში არ არის მოცემული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი (უფრო სწორად, პირველი მათგანი წარმოდგენილია 1989 წლის მონაცემებით, ხოლო მეორეს შესახებ თითქმის არაფერი წერია)

მაშ ასე:




  • ჩვენს ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3645სოფელი, 56 ქალაქი და 44 დაბაა



  • საქართველოში 19 დასახლებულ პუნქტს ახალსოფელი, 10-ს  ახალშენი, 8-ს ეწერი და ახალდაბა, 6-ს აგარა, 4-ს  არაშენდა, ხოლო  3-ს გორი ჰქვია

  • რა შეიძლება ჰქონდეს საერთო მარჯვნივ მდებარე წარმტაც პეიზაჟს და ”სონის” პორტატულ კომპიუტერს? არაფერი, გარდა სახელწოდებისა... დიახ, ქედის მუნციპალიტეტში მდებარე ამ სოფელს ვაიო ეწოდება

  • ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის შემადგენლობაში არსებობს სოფელი კვატია. თუკი ვინმეს დასავლეთ საქართველოსთან შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რომ ”კვატი” იხვის შესატყვისია, ”კვატია” კი იხვის ”მოფერებითის” კიდევ უფრო ”მოფერებითი” დასახელებაა

  • როგორც ჩანს, საქართველოში აქტუალურია დასახლებული პუნქტებისთვის სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელის დარქმევა (ხუმრობით, რა თქმა უნდა). მაგალითად ლანჩხუთის რაიონში მდებარე სოფელი ჯაპანაც იკმარებს, რომელსაც თურმე რამდენიმე წლის წინ სეხნია ამომავალი მზის  ქვეყნიდანაც კი ეწვივნენ სტუმრები. იაპონელთა მეზობლებს რომ გული არ დაწყდეთ, შუაგულ იმერეთში, ტყიბულის მახლობლად გვაქვს სოფელი კორეეთი. თუმცა, როგორც ჩანს, კორეელები ჩინელებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ კარგად შეეგუვნენ დასავლეთ საქართველოს ნესტიან ჰავას, პრეტენზიულები არიან და არც კი დაინტერესებულან მათი ქვეყნის მოსახელის არსებობით. საინტერესო ფაქტია, რომ აზიის პოლიტიკური რუკა საკმაოდ პოპულარულია საქართველოს ტოპონიმიკაში, რასაც ადასტურებს ბორჯომის რაიონში სოფელ ლიბანის არსებობაც. განმეორებები მშობლიურ სახელებშიც გვაქვს - აჭარა მხარესაც ქვია და წარმტაც მთიან სოფელს ცაგერის რაიონში. აზიური თემის გაგრძელება - მიუხედავად იმისა, რომ ალმატი მათთვის მშობლიურად ჟღერს, იმედია, რომ ყაზახები კახეთის ამ მშვენიერ სოფელში არ შეგვეცილებიან.

  • ძალიან დიდხანს ვეძებდი, იწყებოდა თუ არა რომელიმე ქართული ტოპონიმი ასო ”ჰაე”-ზე. აღმოჩნდა, რომ არსებობს - ჰამაში-თოთოლეში, ჰებუდი და ჰეშკილი მესტიის რაიონშია, ხოლო ჰერეთისკარი კი ლაგოდეხის მუნციპალიტეტში.

  • ქართველებისთვის გასტრონომია ძალიან ახლობელი თემაა, მაგრამ გასაკვირად, ჩვენი სოფლების დასახელებაში მხოლოდ ფლავს (გორის რაიონი), ძველ და ახალ ბურღულს (დუშეთის რაიონი) თუ წააწყდება კაცი...

  • მარტვილის რაიონის სოფელ ალერტის დათვალიერებისას არა მგონია, ზემოთმოყვანილი სიმბოლო იპივოთ სადმე. საფრთხილოც არაფერია, პირიქით - ხალხი ძალიან გულკეთილი და სტუმართმოყვარეა...


დამშვიდობებისას კი გეტყვით ”ჩაოს”, თუმცა ამასთან შეგახსებებთ, რომ ზუსტად ამ სახელწოდებისაა ხელვაჩაურის რაიონის ერთი პატარა სოფელი, სადაც დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც გულღიად მიგვიღებენ და უპატივცემლოდაც არ დაგვტოვებენ...