Tuesday, February 16, 2010

ძეგლთა მიგრაცია

დაახლოებით ერთი წლის წინ სანტანდერის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნიდან პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებული კაუდილიო ფრანკოს უკანასკნელი სტატუაც მოაშორეს. ძეგლის აღების პროცესს უამრავი ცნობისმოყვარე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს დიქტატურა ესპანეთში ოფიციალურად ნეგატიურად თითქმის არასოდეს შეუფასებიათ, ახალი დემოკრატიული ხანის დადგომის შემდეგ მასთან დაკავშირებული ძეგლები თანდათან თვალს მიეფარა და ამჟამად მხოლოდ ესპანეთის აფრიკულ ნაწილში, ქალაქ მელილიაშია შემორჩენილი.


სტატუები მმართველი წრეების საყვარელ გასართობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან. მისწრაფება გიგანტომანიისაკენ სახვით ხელოვნებაში ამგვარი წყობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი თავიანთი სიდიადით თითქოს თრგუნავენ მნახველს და მორჩილებას უნერგავენ. საზოგადოებაზე ზემოქმედების ამგვარი ხერხი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი.


საქართველოში, რომელიც არასოდეს იყო განებივრებული დემოკრატიული მმართველობით, ამგვარი გიგანტური არქიტექტურული ფორმები უხვადაა. ამასთან ყოველი რეჟიმი ცდილობდა, საკუთარი ხელწერა დაეტყო მათზე. კომუნისტური ეპოქაში ძირითადი


აქცენტი პარტიულ ბელადებზე და ასევე მმართველობისთვის სასურველ ისტორიულ პიროვნებებზე კეთდებოდა (მოდით, სააკაძისა და აღმაშენებლის ძეგლების დადგმას კომუნისტური ელიტის სულში პატრიოტიზმის მბჟუტავი ალის გაღვიძებად ნუ შევაფასებთ). ლავრენტი ბერია, როგორც ცნობილია, მეტეხის ტაძრის აფეთქებას და მის ადგილზე შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმას აპირებდა (საინტერესო პარადოქსი - ქართველებისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაგებობა საფიცარი პოეტის ქანდაკებით უნდა შეეცვალათ). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა ჟამი ძეგლების ჩამოგდებისა. შედეგად, საქართველოს ყველა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გაქრა ლენინისა და სტალინის მონუმენტური ქანდაკებები, რაც სრულიად გამართლებული იყო. საზოგადოება უნდა გათავისუფლებულიყო წარსული ხსოვნისგან, რისი განხორციელებაც ჯერ გარეგნული ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო.


საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძეგლების გადაადგილება. გავიხსენოთ სასტუმრო "რედისონ-ივერიის" მიმდებარე ტერიტორიიდან დავით აღმაშენებლის ქანდაკების უეცარი აღმოჩენა თბილისის შემოსასვლელში, ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის მიგრაცია ქალაქის ცენტრიდან მის ერთ-ერთ გარეუბანში, ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დემონტაჟის ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევა (კიდევ ერთი ლირიული გადახვევა: როგორც ამბობენ, ამ მონუმენტის ადგილას პარლამენტის შენობის აგება იგეგმებოდა - ასევე საინტერესო პარალელი: თბილისში მთავრობის სასახლის ადგილას ადრე სამხედრო ტაძარი იყო, რომელიც მეფის რუსეთის არმიის და ხელისუფლების სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა...) , თამარ მეფის გამზირზე ზარ-ზეიმით გახსნილი და შემდეგ ბორჯომში გადატანილი პრომეთე... მაგალითი ბევრია, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არქიტექტურული ფორმების გადატანა-გადმოტანას.


სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ისევ ბევრი რამაა იდეოლოგიზებული. წარსული რეჟიმებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ ხდება მათ მიერ დატოვებული მონუმენტური ნაკვალევების წაშლა და სხვა ორიენტირებით ჩანაცვლება. თუმცა ამ პროცესში შეცდომებსაც აქვს ადგილი. მაგალითად, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას დგას მედეას ძეგლი, ქალისა, რომელიც კლასიკურ სამყაროში ღალატის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მას ხელთ ოქროს საწმისი უპყრია - გატაცებული ღირსებისა და პატივის აღმნიშვნელი. ასევე თითქმის გაურკვეველი მიზეზების გამო საკუთარი ადგილი შეინარჩუნა პროლეტარიატის დიდი ბელადის ძეგლმა ქალაქ გორში, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ამშვენებს ამ ქალაქის მთავარ მოედანს.


სივრცითი ორიენტირები ადამიანის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ, თუმცა საზოგადოების აზროვნების უკეთესისკენ შეცვლისთვის საკმარისი არაა მათი მოშლა და ახლით ჩანაცვლება. ადამიანებმა პირველ რიგში, გონებით უნდა გაითავისონ ცვლილებების საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის დღევანდელის მსგავსი იქნება.

No comments: