|
ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს. კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.
მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.
[gallery link="file" columns="2"]
მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.
სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას - მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი - უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.
2 comments:
სიჭინავას დემოკრატიული სალამი! : D
შენ კიდევ ჩემი კინემატოგრაფიულ-ფიზკულტსალამი :დ
Post a Comment