მსგავსი რამ მოხდა 2007 წლის შემოდგომაზე. აქ უკვე ”იმედმა” ითამაშა მობილიზატორის როლი, რამაც შედეგად ხანგრძლივი და მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოიტანა.
თუმცა რაც 2010 წლის 13 მარტს დაფიქსირდა, ფანტაზიის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც ნახევარი საქართველო გულგახეთქილი ეძებდა ვალიდოლს ან ტელეფონს, რათა ახლობლებს დაკავშირებოდა. სატელევიზიო სიუჟეტს ამგვარი პანიკა იმ ახალი წლის შემდეგ არ გამოუწვევია, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მილოცვასთან ერთად საქართველოს პოპულაციის ნახევრის სავარაუდო გაწყვეტის ამბავი მიახალა.
სიუჟეტის შემდეგ სტუდიაში ანალიზისთვის მიწვეულმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ საჭიროა მსგავსი კადრების გაშვება, რათა ადამიანები მზად იყვნენ საფრთხისთვის და ახსოვდეთ ახლო წარსულის გამოცდილება. ჩვენი საზოგადოება გულმავიწყია და შეუძლია, ფეხქვეშ გაეგოს იმ ძალას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს მოსახლეობას ხოცავდა და ქალაქებსა და სოფლებს უმოწყალოდ ასწორებდა მიწასთან.
მაგრამ სინამდვილეში სიუჟეტმა სხვა რამ დაგვანახა - საზოგადოების კონსოლიდირების ნაცვლად ადამიანებს უმწეობის გრძნობა დაეუფლათ. მათ მოისმინეს, რომ პრეზიდენტი დაიღუპა, უცხო ქვეყნის ჯარი დედაქალაქს უტევს, ვიღაცამ თავი სახალხო მთავრობად გამოაცხადა. შოკური მდგომარეობის გავლის შემდეგ, ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვინც იმგვარად გაიგებს სიუჟეტის დედააზრს, როგორც ეს ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.
პრობლემის თავი კი ალბათ გარდა არაპროფესიონალიზმისა, ჩვენს მიერ ტელეამბების გადაჭარბებული აღქმაა, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს ”იმედის” ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო საქციელს. თუმცა, ისმის კიდევ ერთი უპასუხო კითხვა - თუკი ტელევიზია სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რა საჭირო იყო მოსახლეობის ასეთი დაფეთება? განა ეს არის კონსოლიდაციისკენ მიმავალი გზა?